სოზარ სუბარი : სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისას , სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება

სოზარ სუბარი : სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისას , სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება

სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის დანიშვნის დროს, კოალიციას სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება და მათთვის მათი კანდიდატურა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

აღნიშნულის შესახებ, სუბარმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, კოალიციაში განიხილება, თუ არა სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანის კანდიდატურა, სუბარი აცხადებს, რომ აღნიშნულზე გუნდში ოფიციალური მსჯელობა არ დაწყებულა.

"ჯერ პარლამენტი არ შეკრებილა და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდში ოფიციალურ დონეზე ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა.

რაც შეეხება, თამარ გურჩიანის კანდიდატურას, მოვისმინე, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის კანდიდატურას აყენებს, საუბარი იყო ასევე ლია მუხაშავრიაზე , მასზე ჟურნალისტებმა მკითხეს.

ერთ-ერთ კანდიდატზე მეც ვფიქრობდი, ის ძალიან ცნობილი და ძლიერი უფლებადამცველია , თუმცა ახლა ხმამაღლა არ ვიტყვი, თუ ვისზე მქონდა საუბარი. ჩემს კოლეგებთან მასზე საუბრისას , ვთქვი, რომ ზოგჯერ ის ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს, მაგრამ სახალხო დამცველისთვის ეს შეიძლება დადებითი იყოს და არა უარყოფითი.

სახალხო დამცველი არაა პროკურორი, რომელმაც ბოლომდე უნდა გამოიძიოს ფაქტი და აბსოლუტურად მყარი მტკიცებულებებით უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ის არაა სახელმწიფო ბრალმდებელი, ზოგჯერ პრევენციისთვის ნაჩქარევად განცხადების გაკეთება გაცილებით მნიშვნელოვანია სანამ, საქმეს ბოლომდე შეისწავლი და შესაძლოა მანამდე საქმე გაფუჭდეს", - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ "ზოგადად ეს ის სფეროა, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების აზრი მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. კარგი, ძლიერი მაკონტროლებელი ადამიანი უფლებათა დაცვის სფეროში სჭირდება ნებისმიერ ხელისუფლებას და გვჭირდება ჩვენც ".

სუბარის თქმით, ამ შემთხვევაში, მათი პრიორიტეტი იქნება არა ხელისუფლებისადმი ლოიალური არამედ, მაქსიმალურად კრიტიკული ომბუდსმენი .

"თუ ვინ იქნება სახალხო დამცველი, ამას საბოლოოდ , 76 ხმა გადაწყვეტს, თუმცა კანდიდატის შერჩევის დროს, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა სუბარმა .