"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სამსახურებიდან ისევ ითხოვენ

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" დევნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, "ქართული ოცნების"  მხარდამჭერები ნიკა ცინცაძე, დათო მირუაშვილი და ირაკლი კარანაძე სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ ინფორმაციას დევნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. 

„გრძელდება "ქართული ოცნების" მხარდამჭერების სამსახურებიდან გათავისუფლება. ნიკა ცინცაძე, დათო მირუაშვილი და ირაკლი კარანაძე 2 ოქტომბერს შ.პ.ს. „Geostar - nivea"-ს  ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ფირმის მენეჯერმა კობა ხოხიაშვილმა და კომერციულმა დირექტორმა გიორგი პაიქიძემ სამივე პირი კაბინეტში დაიბარა და გათავისუფლების მიზეზად 29 სექტემბერს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობა დაუსახელა", - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.