დავით ბაქრაძე: უნდა შეიცვალოს რაც შესაცვლელია და დარჩეს ის, რაც მომავალ არჩევნებზე შეიცვლება

დავით ბაქრაძე: უნდა შეიცვალოს რაც შესაცვლელია და დარჩეს ის, რაც მომავალ არჩევნებზე შეიცვლება

ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით,  ერთი არჩევნებით ქვეყანაში ყველაფერი ვერ იცვლება.

მე არ ვისაუბრებდი ხელისუფლების გაყოფის შესახებ, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ არის ხელისუფლების შტო, რომელიც ექვემდებარება და აკონტროლებს პარლამენტს, არის ხელისუფლების შტოები, რომლებიც პარლამენტისგან დამოუკიდებელია, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტისგან დამოუკიდებლად ხდება, თვითმმართველობის არჩევნები პარლამენტისგან დამოუკიდებლად ხდება, ამიტომ რა თქმა უნდა, შეიცვლება ყველაფერი, რაც საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნების შედეგებს უკავშირდება“,-ეს განცხადება ბაქრაძემ  კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც მთავრობისა და ოპოზიციისგან შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრებიც ესწრებოდნენ.

ბაქრაძის აზრით, უნდა შეიცვალოს რაც შესაცვლელია და დარჩეს ის, რაც მომავალ არჩევნებზე შეიცვლება,  საქართველოს ინტერესიკი  მოითხოვს, რომ ყველაფერი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში იყოს.

 „პირველ რიგში, ეს იქნება სამთავრობო ცვლილება, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ის ნაწილები არ შეიცვლება, რომელიც სხვა არჩევნების გზით ირჩევა, პრეზიდენტი და თვითმმართველობა დამოუკიდებლად ირჩევა. ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა წავიდეს, შეიცვალოს რაც შესაცვლელია და დარჩეს ის, რაც მომავალ არჩევნებზე შეიცვლება, ამიტომ ერთი არჩევნებით ქვეყანაში რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ იცვლება. ჩვენი მოქმედი კონსტიტუცია მოითხოვს გარკვეულ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის ნაწილია ის შეხვედრებიც, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლებთან გვაქვს, ამ თანამშრომლობის და ურთიერთქმედების ნაწილი იყო ის შეხვედრაც, რომელიც დღეს ვიხილეთ და შემიძლია, ვთქვა რომ ჯერ-ჯერობით ყველა პროცესი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მიდის, ჩვენ განწყობილი ვართ იმისთვის, რომ ყველა პროცესი მომავალშიც კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში წავიდეს და ჩვენი მხრიდან ამ პროცესს არანაირი საფრთხე და ხიფათი არ დაემუქრება. საქართველოს ინტერესი მოითხოვს, რომ ყველაფერი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.