სოზარ სუბარი: თითქოს დამარცხებული კორუფცია სინამდვილეში ავიდა უმაღლეს დონეზე და ჩვენ ამას აღმოვფხვრით

სოზარ სუბარი: თითქოს დამარცხებული კორუფცია სინამდვილეში ავიდა უმაღლეს დონეზე და ჩვენ ამას აღმოვფხვრით

"პირველ რიგში პასუხს აგებს ყველა პირი, რომლებიც ციხეებში პატიმრების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა“, - ეს განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა დღეს For-ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გამოყენებას უკავშირდებოდა.

სუბარის განმარტებით, ამისათვის სპეციალური კომისიის შექმნაც იგეგმება, რომელიც შეისწავლის არამარტო საპატიმრობეში არსებულ მდგომარეობას, არამედ ქვეყანაში მიმდინარე სხვა უსამართლო პროცესებსაც, მათ შორის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ფაქტებსაც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება მსგავსი პროცესები.

სუბარმა ყურადღება ასევე ქვეყანაში არსებულ კორუფციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით მას მწვავე ფორმა აქვს მიღებული.

„თითქოს დამარცხებული კორუფცია სინამდვილეში ავიდა უმაღლეს დონეზე. ამის მაგალითი არის ციხეები, სადაც პატიმრების ოჯახებს იმის გარდა, რომ მათ ხშირ შემთხვევაში მარჩენალი მოაკლდათ, ასევე ზურგზე დააწვათ მათი რჩენაც“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, თავად პატიმრებიც პრაქტიკულად იძულებულნი იყვნენ თავად ერჩინათ თავი და საჭირო პროდუქცია, წამლები თუ ნივთები შეეძინათ გასამმაგებული ფასით იმ მონოპოლიური კომპანიებისგან, რომელსაც ხელისუფლება ციხის შიგნით ქმნიდა.

„როცა პატიმარი ერთი ციხიდან მეორეში ან სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, მათ ელემენტარულად თეთრეული არ აქვთ და მას ყიდულობს ოჯახი. ეს ყველაფერი კი არის  სპეკულაციურ ფასებში. აღარ ვლაპარაკობ მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებებზე. ეს დღესდღეობით კორუფციის სერიოზულ წყაროს წარმოადგენს და ეს პატიმრების ოჯახების შიშისა და განადგურების მეთოდად იქცა“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ყოველივე აღნიშნული ფაქტი ძალიან მალე აღმოიფხვრება.