ომბუდსმენის აპარატი დევნილებს შენობების უკანონო დაკავებისგან თავის  შეკავებისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენის აპარატი დევნილებს შენობების უკანონო დაკავებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  იძულებით გადაადგილებულ პირებს მიმართავს, შენობების უკანონო დაკავებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი, რათა პროცესი  სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდეს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ადგილი აქვს სხვადასხვა კატეგორიის დევნილთა მხრიდან შენობებში შესვლისა და ფართების დაკავების ფაქტებს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს,  აღნიშნული უკანონო ხასიათს ატარებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა დევნილთა მიერ დაკავებული ობიექტების მონიტორინგი. კერძოდ, მონახულებულ იქნა თბილისში ბაქოს ქ. 1-ში,  ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე არსებული შენობები და ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „საქნავთობის“ შენობა. თითოეულ მათგანში ამ წუთამდე რჩებიან დევნილები. მონიტორინგის შედეგად ირკვევა,  რომ სამივე შენობაში მყოფ დევნილთა შორის არიან ყველა კატეგორიის დევნილები, თუმცა მათი უმეტესობა კერძო სექტორს მიეკუთვნება. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველთვის საუბრობდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“  გაწერილი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის მიმდინარეობის ნელი ტემპების შესახებ. არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ე.წ. კერძო სექტორის დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეტაპი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული და აუცილებელია დევნილი მოსახლეობა ადეკვატური საცხოვრებელი ფართით მაქსიმალურად მცირე დროში დაკმაყოფილდეს“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს სამოქმედო გეგმით გაწერილი პროცესების ეფექტურად და მოკლე ვადაში განხორციელების აუცილებლობას.