ალექსი პეტრიაშვილი: სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან შეხვედრას დღის მეორე ნახევარში გავმართავთ

ალექსი პეტრიაშვილი: სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან შეხვედრას დღის მეორე ნახევარში გავმართავთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრობის ახალი კანდიდატი, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გამართავს. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაგეგმვა უკვე მიმდინარეობს და პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება და აღნიშნა, რომ სამინისტროსთან მას კომუნიკაცია უკვე აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ კურსს, პეტრიაშვილის თქმით, ეს არ შეიცვლება. მისი განმარტებით, მას ჩამოყალიბებული აქვს პრიორიტეტები, რაც პირველ რიგში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაგრძელებას და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„საქართველო არათუ არ გადაუხვევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას, არამედ შეეცდება, რომ მაქსიმალურად დროულად მოახდინოს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ სამინისტროს ყველა ის ძირითადი მიმართულება, მათ შორის ვიზიტები და მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რაც დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში და სხვადასხვა ქვეყნებში.", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.