დავით ბაქრაძე: ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ არეულობის გამოწვევის და ხელის მოთბობის საშუალებას არავის მივცემთ

დავით ბაქრაძე: ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ არეულობის გამოწვევის და ხელის მოთბობის საშუალებას არავის მივცემთ

სამუშაო ჯგუფთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ,  „ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველმა  ნომერმა  დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური ფაქტების კომენტირებისას განაცხადა, რომ  მოქმედი და მომავალი მთავრობა საქართველოში არეულობის გამოწვევისა და ამით ხელის მოთბობის საშუალებას არავის მისცემს.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიცია პირველად ხდება და ვინაიდან ამის გამოცდილება არ არსებობს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამით სარგებლობას შეეცდება. 
„ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩათვლიან, რომ, ცუდი გაგებით, ამ ფაქტებით შეიძლება იხეირონ. დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ და ვთანხმდებით, რომ ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილი, რომ არ იყოს კრიმინალი და ძალადობა. ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ არეულობის გამოწვევის და ხელის მოთბობის საშუალებას არავის მივცემთ. ახალი მთავრობის შექმნამდე მოქმედი მთავრობა არ ჩამოიშლება, არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის ჩამოშლა და დემორალიზება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არ იყოს კრიმინალი და ძალადობა და მოხარული ვართ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგანაც იგივე გამოიხატა“, - განაცხადა  ბაქრაძემ. 
ცნობისთვის,  კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლების „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.