„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" „ასავალ-დასავალის“ ქმედებას ძალადობის წახალისების მცდელობად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნული ბეჭდური მედიის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სახელების, გვარებისა და საცხოვრებელი მისამართების გამოქვეყნება ძალადობის წახალისების მცდელობად შეაფასა.

„გაზეთ "ასავალ-დასავალის" უკანასკნელ ნომერში გამოქვეყნდა გლდანის სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომელთა სახელები და გვარები, ასევე, მათი საცხოვრებელი მისამართები. მიგვაჩნია, რომ გლდანის საპყრობილესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამგვარი ქმედება გაზეთის მხრიდან ძალადობის წახალისების მცდელობად შეიძლება იქნას განხილული და ამდენად შეუთავსებელია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ ამგვარი მასალების გამოქვეყნებისგან, რადგან მათი  განმარტებით, ეს სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებას ემსახურება.