ნინო ბურჯანაძე: გილოცავთ ნეობოლშევიკური, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხებას!

ნინო ბურჯანაძე: გილოცავთ ნეობოლშევიკური, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხებას!

"1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი თანამოქალაქეების უპრეცენდენტო აქტივობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალა ნამდვილად ხალხშია“,- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე.  ის ქართველ ხალხს და ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გამარჯვებას ვულოცავ ქართველ ხალხს,  გამარჯვებას ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის წვლილიც განუზომელია ამ გამარჯვებაში, გამარჯვებას ვულოცავ კოალიცია „ქართულ ოცნებას“,

გილოცავთ ნეობოლშევიკური, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხებას!

გამარჯვებას ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც  წლების მანძილზე უკომპრომისოდ, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი თანამოქალაქეების უპრეცენდენტო აქტივობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალა ნამდვილად ხალხშია.

აღვნიშნავ თითოეული მოქალაქის წვლილს, რომლებიც არ შეშინდნენ, საკუთარი არჩევანით უარი უთხრეს მოძალადე რეჟიმს და მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას.

სხვებთან ერთად განსაკუთრებით ეს გამარჯვება მინდა მივულოცო 2011 წლის 26 მაისის მონაწილეებს. ვინც დარწმუნებული იყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სამართლიან ბრძოლას ყოველთვის გამარჯვება მოაქვს.

მინდა ეს გამარჯვება მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გამოიარეს სააკაშვილის რეჟიმის არაადამიანური ძალადობა და ღირსების შელახვა.

ვულოცავ ყველა პოლიტიკურ და უკანონო პატიმარს და დევნილს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ ამ ადამიანების განთავისუფლება და რეაბილიტაცია იქნება.

საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა იყო სამართლიანი და ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ.

წინასაარჩევნო გარემო იყო უკიდურესად მძიმე და არადემოკრატიული, არჩევნები მიმდინარეობდა სერიოზული გაყალბითა და ძალადობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წუთამდე ყველაფერს აკეთებდა ხელისუფლებაში დასარჩენად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა, მისი და მისი თანაგუნდელების ძალისხმევამ, ხალხის ერთსულოვნებამ, თითოეული ჩვენგანის აქტივობამ და ერთად დგომამ მოიტანა ეს მშვიდობიანი გამარჯვება.

2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად გარდამტეხია. ქართველმა ხალხმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას სურს თავისუფლება და ის იმსახურებს მშვიდობიან, ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ სამშობლოში, რომ არ შეეგუება ნეობოლშევიზმს და ძალადობას, რომ იბრძოდა და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საკუთარი სამშობლოს დემოკრატიული და ღირსეული მომავლისათვის“,- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.