მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი თქმით, ქართული ოცნების შეხედულებები  მცდარია, მაგრამ ის პატივს სცემს დემოკრატიულ პროცესებს.“

"მე, როგორც ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის" - განაცხადა სააკაშვილმა,  რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ  ოფიციალურ   ვიდეო მიმართვაში.  

„საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. ეს ნიშნავს იმას, რომ მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმ პროცესებს, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.

ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის ხედვა და არის კიდეც. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი. მაგრამ ქვეყანაში დემოკრატია ისე მუშაობს, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქართველი ხალხის უმრავლესობა, ჩვენც ამ გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს.

ამავე დროს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ოპოზიციაში, ბოლო 8 წლის პერიოდში, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, არამედ ამ მონაპოვარმა საქართველო აქცია დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ ერთ საკვანძო ქვეყნად. ამიტომ ჩვენ  ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ როგორი საფრთხეც არ უნდა დაემუქროს ამ მონაპოვარს, უახლოეს თვეებში თუ წლებში, მათი მათი მოსპობა არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა ვიბრძოლებთ ამის შენარჩუნებისთვის. ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ   ყველაფერი რაც შეიქმნა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს გათანამედროვეობის კუთხით, ახალი ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით მაქსიმალურად დავიცვათ, შევუნახოთ შემდეგ თაობებს და შევძლოთ საქართველოს შემდგომი განვითარება ყველა კონსტიტუციური და პოლიტიკური პროცესების დაცვით.

რა თქმა უნდა მე პატივისცემას გამოვხატავ არჩევნებში მონაწილე უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მე ვეუბნები მადლობას იმ დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს, რომლებმაც მხარდაჭერა მთავრობის, პრეზიდენტის კურსის მიმართ გამოხატა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს, საქართველოს განვითარებას მომავალში ალტერნატივა მაინც არ ექნება და ჩვენ ყველანი სწორედ ამ რწმენით გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა სააკაშვილმა.