ფოთში ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტივობა აღინიშნება

ფოთში ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტივობა აღინიშნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას პრესსამსახურის ცნობით, არჩევნების დღეს ფოთში ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტივობა აღინიშნება.

მათი ინფორმაციით, წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 22 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამჯერად 11 784 ამომრჩეველი უკვე 13 საათისთვის დაფიქსირდა ფოთის 70-ე ოლქში.

როგორც პრესსამსახუში აცხადებენ, ხელისუფლება ფოთში მაქსიმალურად ცდილობს არჩევნების შედეგების გაყალბებას და ფსიქოლოგიური ტერორის, დაშინების და მუქარის გარდა, საარჩევნო კარუსელებითაც ცდილობს ნაციონალური მოძრაობისთვის ხმების მობილიზებას.

„ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბმა დააფიქსირა სამი მიკროავტობუსი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო კარუსელს ატრიალებდნენ და საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები გადაჰყავდათ. დაახლოებით 15 საათისთვისთვის 70-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა  ავტობუსით მიიყვანეს მხარდამჭერები. მე-14 უბანზე კოალიციის წარმომადგენელს პოლიციის გამოძახება დასჭირდა. რაც შეეხება მე-8 საარჩევნო უბანს, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლის ნაწილს მის ნაცვლად უკვე ხმა მიცემული დახვდათ შესაბამისი ხელმოწერის თანხლებით“, - აცხადებენ ბესელიას პრესსამსახუშრი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბს მიმართა ამომრჩეველმა მანანა დანელიამ და გააპროტესტა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბანზე მისულს მისი ხმა გაყალბებული დახვდა, ანუ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული.

15 საათისათვის ფოთის საარჩევნო ოლქში არჩევნებზე უკვე 19429 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,15%-ია.

რაც შეეხება საჩივრებს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამ დროისთვის უკვე 28 საჩივარი იქნა დაწერილი კენჭისყრის დროს დაშვებული დარღვევების გამო.