ფოთში საოლქოს თავმჯდომარემ კომისიაში „ქართული ოცნების“  წარმომადგენლების უბნებზე შეშვება არაოფიციალურად  აკრძალა

ფოთში საოლქოს თავმჯდომარემ კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უბნებზე შეშვება არაოფიციალურად აკრძალა

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავამ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს სიტყვიერი დავალება მისცა, რათა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო კომისიაში - ლილი გელაშვილი, ლევან ჩოჩია და ზურა მეზურნიშვილი არ შეუშვან უბნებზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბი ავრცელებს.

შტაბში აცხადებენ, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯანო კვაშილავას მხრიდან მსგავსი სიტყვიერი ბრძანების გაცემა ეწინააღმდეგება არჩევების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას.

„ეს არის პირდაპირ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, რადგანაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 70-ე საარჩევნო ოლქის კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს უფლება აქვთ შევიდნენ ნებისმიერ უბანზე და კენჭისყრის პროცესს, არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ და საჩივრები შეიტანონ საოლქო კომისიაში“, - აცხადებენ ბესელიას შტაბში.