„საერთაშორისო გამჭვირვალეობა “: ბათუმის ოლქის მე-17 უბანზე  საკუთარ გრაფაში სხვისი ხელმოწერის გამო  ოთხმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა “: ბათუმის ოლქის მე-17 უბანზე საკუთარ გრაფაში სხვისი ხელმოწერის გამო ოთხმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

"საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს" დამკვირვებლებმა 11:00 საათიდან 14:00 საათამდე რამდენიმე სერიოზული დარღვევები გამოავლინეს.

ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის ცნობით, ბათუმის ოლქის მე-17 უბანზე უკვე ოთხმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი;

„მარტვილის ოლქის მე-3 უბანში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები; დუშეთის ოლქის 25-ე უბანზე არ ჰქონდათ სამაგიდო სიები და რეგისტრატორები კედლის სიებს იყენებდნენ; გარდაბნის ოლქის 27-ე უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა იკითხა ვისთვის მიეცათ ხმა, რის საპასუხოდაც რეგისტრატორებმა უთხრეს, რომ 5-იანი შემოეხაზათ;

სიღნაღის ოლქის 28-ე და 29-ე უბნებზე საოლქო კომისიის წევრმა ვანო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ აღნიშნულ უბნებზე მივიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები და მისცეს ხმა;

ჭიათურის ოლქის 57-ე უბანზე 32-ე უბნის ბეჭედი იყო მიტანილი და ელოდებიან მის გამოცვლას", - აღნიშნავს გიგაური.