თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობა" ნაძალადევში იმ უბნების ჩასაშლელად ემზადება, სადაც არჩევნებს აგებს

"ნაციონალური მოძრაობა" ნაძალადევში იმ უბნების ჩასაშლელად ემზადება, სადაც არჩევნებს აგებს“, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის შტაბი და მათი კანდიდატი მერაბ სამადაშვილი ეცდება, ჩაშალოს საღამოს ის უბნები, სადაც არჩევნებს აგებს.

„ასეთი უბნები, მისდა სამწუხაროდ,  ცოტა არ არის. მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება, არ დაუშვას მსგავსი რამ, რადგან ჩვენთვის ხმების წართმევის უფლებას არავის მივცემთ", - განაცხადა წულუკიანმა.

მანვე ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რასაც ნაძალადევის საარჩევნო ოლქში დილიდან ჰქონდა ადგილი.

"რამდენიმე უბანი ნაძალადევში დაგვიანებით გაიხსნა, უბნების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ბიულეტენი, 10-მდე უბანზე უკვე გამოყენებული ბეჭდები გამოიყენეს. ადგილი ჰქონდა ასევე უბნებიდან ბიულეტენების გატანის მცდელობას, რაც აღიკვეთა და ასევე ე.წ. "კარუსელების" დატრიალების მცდელობას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. წულუკიანი აცხადებს, რომ 12.00 საათის მონაცემებით, ნაძალადევში უკვე 32 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

„ეს რაც ძალიან კარგია. მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურობენ "ქართული ოცნების" და ჩემი მხარდამჭერები" , - განაცხადა წულუკიანმა.

ნაძალადევში ცსკ-ის მონაცემებით, 140 500 ამომრჩეველია რეგისტრირებული.