არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო  20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბრისთვის შეაჯამებს . არჩევნების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში კი, ზურაბ ხარატიშვილის უწყება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.

~საარჩევნო კოდექსის~ გათვალისწინებით, ცესკო პარლამენტის არჩევნების შედეგებს აჯამებს და შესაბამის ოქმს ადგენს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა.
ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება შემდეგი პროცედურით წარიმართება: - კენჭისყრის შედეგებს თავდაპირველად საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს და მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეაქვს. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი პარტიული სიების მიხედვით დგება, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

ამის შემდეგ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება. აღნიშნული პროცედურა ოლქებში 12 ოქტომბრიდან გადაინაცვლებს. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე და ასევე საარჩევნო დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ადგენს შედეგებს, რასაც შემაჯამებელ ოქმებში ასახავს და მას არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს გადასცემს.
თავის მხრივ ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა ანუ 20 ოქტომბერს არჩევნების შედეგებს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს შეადგენს. ოქმის ერთი ცალი ცესკოში ინახება, მეორე - პარლამენტს გადაეცემა, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არა ნაკლებ ხმების 30%-სა. (არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა). პარლამენტის წევრთა მანდატები კი მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არა ნაკლებ 5%-სა. პროპორციული ბიულეტების დათვლის დროსაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ამასთან, 22 ოქტომბრისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩეულ წევრებს რეგისტრაციაში გაატარებს და პარლამენტის წევრად არჩევის დროებით მოწმობას გადასცემს.

არჩევნების შედეგები ბათილად იმ შემთხვევაში ჩაითვლება და ცესკო ხელახალ არჩევნებს იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნება ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.