"ქართული ოცნება" სამართალდამცველებისაგნ 10 თვის ჩვილის გატაცებისა და გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს

კოალიცია "ქართული ოცნება" გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის გამო  გურჯაანელებს   სიმშვიდისა  და თავ შეკავებისკენ მოუწოდებს.

გურჯანში მომხდარ ტრაგედიაზე  საგანგებო განცხადება  კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

 კოალიცია „ქართული ოცნება“  სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, მომხდარის  დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს.   კოალიცია მოითხოვს დადგინდეს, რა გახდა 10 თვის ბავშვის გატაცებისა და გარდაცვალების მიზეზი.

მაია ფანჯიკიძის თქმით,  გარდაცვლილი ბავშვი  გურჯაანში კოალიციის კოორდინატორის, დალი მეჩირიშვილის დისშვილია და ის სწორედ მისი ოჯახიდან  გაიტაცეს, ფანჯიკიძის განცხადებით,  დალი მეჩირიშვილზე გარკვეული ზეწოლა  ხორციელდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მას გარკვეული თანხაც შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ არ გაეგრძელებინა საქმიანობა კოალიციის სასარგებლოდ.

"მე დღეს თავს შევიკავებ პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მომხდარ ტრაგედიას შეხება პოლიტიკურ მიზნებთან. მოვუწოდებ პოლიციას, სასწრაფოდ დაიწყონ ფაქტის გამოძიება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილი აქვს შემზარავ ტრაგედიას, არამედ იმიტომაც, რომ მომხდარს შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული სპეკულაციები და ამიტომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, გურჯაანელები შეკრებილი არიან ბავშვის სახლთან. ამიტომ კოალიციის სახელით მან სთხოვა გურჯაანის მოსახლეობას, რომ სიმშვიდის შენარჩუნება სცადონ.

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში  წყლით სავსე ქვევრში 10 თვის  ჩვილი ბარბარე რაფაიანი გარდაცვლილი იპოვეს.   10 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.