ირაკლი ალასანია:  პირად კონტროლზე ავიყვან რეფორმებს სამართალდამცავ  სტრუქტურებში და გარანტიას ვაძლევ რომ ყველა პროფესიონალი იქნება შენარჩუნებული

ირაკლი ალასანია: პირად კონტროლზე ავიყვან რეფორმებს სამართალდამცავ სტრუქტურებში და გარანტიას ვაძლევ რომ ყველა პროფესიონალი იქნება შენარჩუნებული

"ქართული ოცნების“  ზუგდიდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“  ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.  ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გადაცემა  „აქცენტებში“ სტუმრობისას განაცხადა.

კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერმა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს მიმართა და დაჰპირდა, რომ ყველა პროფესიონალი სამსახურს შეინარჩუნებს.  ალასანიას განცხადებით, ის პირად კონტროლზე აიყვანს სამართალდამცავი სტრუქტურის რეფორმებს.

„განსაკუთრებით მინდა მივმართო პოლიციელებს. მე თვითონ ვარ ოფიცერი,  ძალიან კარგად ვიცი რა სიტუაციაა პოლიციაში, კარგად ვიცი ჯარის სიტუაცია და მე გეუბნებით რომ გარანტიას გაძლევთ ყველა პროფესიონალი ადამიანი იქნება შენარჩუნებული, და ის,  ვინც გულანთებით ემსახურებოდა ქვეყანას გააგრძელებს ქვეყნის სამსახურს, მე პირად კონტროლზე ავიყვან რეფორმებს სამართალდამცავ სტრუქტურებში და გარანტიას ვაძლევ რომ ყველა პროფესიონალი იქნება შენარჩუნებული. ეს ეხება ასე მთელს საჯარო სამსახურს“,-  განაცხადა ალასანიამ.

 ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქართველმა ერმა პოლიტიკურთან ერთად მორალური გადაწყვეტილებაც მიიღო, რაზეც მანიფესტაციაზე მისული "მილიონზე მეტი" ადამიანი მეტყველებდა. "ყველამ ძალიან კარგად გაიგო გუშინ, რომ თავისუფლების მოედნიდან საზოგადოებას და ერს მიმართავდა ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი. იმ კადრების გათვალისწინებით, რაც 10 დღის წინ ვიხილეთ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო მორალური გადაწყვეტილებაც, რომელიც ხალხმა მიიღო", - განაცხადა ალასანიამ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ რევანში და შურისძიება არ სურთ. "გარდაუვალია "ქართული ოცნების" გამარჯვება, თუმცა ჩვენ ემოციები უნდა მოვთოკოთ და ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. გუშინ პირველად მქონდა განცდა, რომ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა არა რევანშისთვის, არა შურისძიებისთვის, არამედ მშვიდობისთვის.

 ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს "ქართულ ოცნებაში" ლიდერიდან დაწყებული პარტიული აქტივისტით დამთავრებული ადამიანი, რომელსაც ამოძრავებდეს რევანში ან შურისძიება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, საჯარო მოხელეებს მიმართა დაჰპირდა,რომ მათ არავინ  დაითხოვს სამსახურებიდან, პირიქით ისინი  პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლდებიან.

„მე მინდა განსაკუთრებით მივმართო საჯარო მოხელეებს, ტყუილია ვინც იძახის რომ ჩვენ დავითხოვთ სამსახურიდან პირიქით მათ მოეხსნებათ პოლიტიკური დიქტატი და მათი საქმე უფრო დაფასებული იქნება. ამიტომ მთავარი ამოცანა დღეს ჩვენთვის არის რომ ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ, გადალახოს სწორად ის დიდი მორალური არჩევანი ის დიდი მორალური წყალგამყოფი, რომელიც ჩვენ 10 დღის წინ გაგვიჩნდა როდესაც ვნახეთ როგორ აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეებში“,-განაცხადა ალასანიამ