„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ობიექტურობისკენ მოუწოდებენ

„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ობიექტურობისკენ მოუწოდებენ

"რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისა და ჟურნალისტების სახელზე მიმართვა გაავრცელეს.

განცხადებას, რომელიც მედიაში გავრცელდა,  From.ge  უცვლელად გთავაზობთ:

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალს, შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიკეთებია ჩვენი ტელევიზია.

ქართული სახელმწიფოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვარღვევთ რვაწლიან დუმილს და მოგმართავთ თქვენ.

ქვეყანაში მეფობს ძალადობა. ძალადობაა არა მარტო ციხეში, ძალაადობაა ყველა სფეროში: სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სასწავლებლებში, სასამართლოში, პოლიციაში, მედიაში, სრულიად საზოგადოებაში.

ტოტალური ძალადობა დღეს არ დაწყებულა. ის ძალას იკრებდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და მიაღწია კრიტიკულ ზღვარს.

შეგახსენებთ, ჩვენ ერთად ვართ ძალადობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სახელმწიფო მანქანის მხრიდან. უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის, თვალთვალის, დაუფარავი მოსმენების, ორგანიზაციის ხელოვნურად გაკოტრების რეჟიმზე გადაყვანის შედეგად გვაიძულეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის დათმობა. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა მედიაში დღეს არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის რა წნეხის ქვეშ იმყოფება თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.

"რუსთავი 2"-ის წარმატებას ყოველთვის განაპირობებდა გუნდის პრინციპულობა და პროფესიონალიზმი. წლების განმავლობაში ბერვჯერ გვიბრძოლია უსამართლობის წინააღმდეგ, ერთად გამოვსულვართ გამარჯვებული უთანასწორო ბრძოლაში.

გთხოვთ გაიაზროთ, პროცესების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება არა მარტო თქვენი უფლება, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს "მასთ ქერის" შეწყვეტის პირობებში. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პოზიცია, უთხარით "არა!" პროპაგანდას და სიცრუეს, დაუბრუნეთ რუსთავი 2-ს თავისუფალი მედიის სტატუსი.

ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. ვემიჯნებით რა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმედს გამოვთქვამთ, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში კვლავ ერთად შევძლებთ იმ საქმის კეთებას, რასაც თავისუფალი დამოუკიდებელი ტელევიზია ჰქვია"-ნათქვამია მიმართვაში.