ბიძინა ივანიშვილი: ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გიშველის, როცა შენი ხალხი უბედურია

ბიძინა ივანიშვილი: ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გიშველის, როცა შენი ხალხი უბედურია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  ქართველმა ხალხმა ხმამაღლა უარი უთხრა ხელისუფლებას, უსამართლობასა და სიცრუეს და ეს მთელ მსოფლიოს დაანახა.

“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ წამების, დაშინების, ტერორის, დაპატიმრებების, უბინძურესი პროპაგანდის მიუხედავად, ჩვენ ვერ გაგვტეხეს. მთელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას. ეს ხელისუფლება ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა კრიმინალია, თავისუფლებისათვის ბრძოლა აგენტობაა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ჩვენმა ხალხმა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დემოკრატიას იმსახურებს“,-განაცხლადა კოალიციის ლიდერმა.

ივანიშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანა და ამას 1 ოქტომბერს გააფორმებს.

„ სად გინახავთ მსგავსი ხალხნო, ნახეთ, რამდენი ვართ. აღარავის უშველის იმის მტკიცება, რომ ეს არ იცოდნენ. წლებია, გვესმის, მკვლელობებისა და ადამიანების წამების შესახებ. ყველამ კარგად იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. ამ სასტიკის სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ.  გაბრაზდნენ იმიტომ, რომ არ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდებოდა და ხალხი ნახავდა. ვერც ერთი ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს, ვერც ერთი, ვინც ამ ხელისუფლების სირცხვილის მოწმენდას ცდილობს. ამ რეჟიმს არ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას. ეს განაჩენი გამოტანილია და ამას ოფიციალურად 1 ოქტომბერს გავაფორმებთ“, - განაცხადა   ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების  მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას.