ბიძინა ივანიშვილი: მხოლოდ სააკაშვილს არ შეუძლია დაიჯეროს ჩვენი გამარჯვება, რადგან კარგავენ მოქალაქეების ხარჯზე მოპოვებულ ძალაუფლებას

ბიძინა ივანიშვილი: მხოლოდ სააკაშვილს არ შეუძლია დაიჯეროს ჩვენი გამარჯვება, რადგან კარგავენ მოქალაქეების ხარჯზე მოპოვებულ ძალაუფლებას

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კოალიცია 1 ოქტომბერს გაიმარჯვებს და გამარჯვების კიდევ ერთ ფურცელს ჩადებს ისტორიაში.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის დღეს ამაყია, მოსახლეობის მხარდაჭერის მათი სიძლიერისა და ერთგულების გამო.

ივანიშვილის განცხადებით,მან ერთი დაპირება უკვე შეასრულა, რაც ოქტომბრამდე საქართველოს ერთ მუშტად შეკვრას უკავშირდებოდა.

„დადგა ის დღე, როცა ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. 1 ოქტომბერი დგება ხალხო! ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ხელისუფლებამ ხალხი ვერ დაიმორჩილა. ეს დღეს ყველასთვის ნათელია. მთელი საქართველო ფეხზე დგას. მთელი თბილისი გამოსულია. საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს. ამ ხალხის დამონება შეუძლებელია. მხოლოდ სააკაშვილს არ შეუძლია დაიჯეროს ეს, რადგან კარგავენ მოქალაქეების ხარჯზე მოპოვებულ ძალაუფლებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა დღევანდელ აქციაზე მიმართვაც გააჟღერა ემიგრანტებისათვის, ლტოლვილებისათვის, ომის ვეტერანებისათვის და მას ღირსეული საქართველოს შექმნას შეჰპირდა.

ივანიშვილის თქმით, 1 ოქტომბერს - ორ დღეში საქართველოს ბედი წყდება. შესაბამისად, მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„იმ ძალას, რომელიც რეალურ დაპირებებს გაძლევს და  რეალურ ცვლილებებს განახორციელებს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

სიტყვის ბოლოს ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას, თავის ოჯახს და დედას.

მისი გამოსვლის შემდეგ გამოსვლა ბერა ივანიშვილმა დაიკავა, რომელმაც სიმღერა შეასრულა.