ლტოლვილთა  და განსახლების მინისტრის მრჩეველი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველმა, რამაზ ლურსმანაშვილმა თანამდებობა დატოვა და „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი განცხადებით, გადადგომის შესახებ ინფორმაცია მინისტრს გუშინ, 28 სექტემბერს მიაწოდა, რომელიც უკვე დაკმაყოფილდა, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ციხეში პატიმართა წამების შესახებ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მიიღო.

„როცა ქართველ კაცს ციხეებში ცოცხებითა და ხელკეტებით აუპატიურებენ, სასტიკი მეთოდებით აწამებენ და მერე კლავენ, ეს აღმაშფოთებელია. ამიტომაც დავტოვე თანამდებობა“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

როგორც მინისტრის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, მისი ყოფილი თანამშრომლების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მომხრე და მხარდამჭერია, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნით თავიანთი პოზიცია ღიად დააფიქსირონ და მათ გამბედაობისკენ მოუწოდებს.

„მე არ შემეძლო იქ დავრჩენილიყავი და ფანჯრებიდან მეყურებინა როგორ გავიდოდა ნახევარმილიონი ქართველი ქუჩაში და მხარს დაუჭერდა ქართულ ოცნებას. ჩემს ყოფილ თანამშრომლებსაც, რომელთა 98% „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მოვუწოდებთ ამაყად და გაბედულად მოვიდნენ და შემოხაზონ 41“, - განაცხადა მან.