სააკაშვილი: გუშინ,  გრანდიოზული შეკრება გვქონდა, რეგიონებიდან  ხალხი სიმბოლურად წამოვიყვანეთ

სააკაშვილი: გუშინ, გრანდიოზული შეკრება გვქონდა, რეგიონებიდან ხალხი სიმბოლურად წამოვიყვანეთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ფოთში აღდგენილი საკათედრო ტაძარი მოინახულა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტი გუშინ,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მითი იმის შესახებ, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა.

„თბილისში გუშინ გვქონდა გრანდიოზული შეკრება, რეგიონებიდან წამოვიყვანეთ ძალიან ცოტა ხალხი, ყველა რეგიონიდან სიმბოლურად 200-300-500, მაქსიმუმ 1500 კაცი. მინდოდა ეს ყოფილიყო ძირითადად თბილისელების შეკრება, რადგან მითი იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ კურსს, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, საქართველოს დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს“,  - განაცხადა  სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა, ასევე უშუალოდ ფოთის რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემა, ისე როგორც გზების, პრობლემა აღარ იქნება.

„დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დასრულდა ფოთის საკათედრო ტაძრის ხელახლა მშენებლობა, სადაც კომუნისტების დროს იყო თეატრი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თეატრი გამოგვეყვანა. ახლა ფოთს აქვს თეატრიც და ძალიან მაგარი ტაძარიც, მაგრამ ეს ნაწილია იმისა, რასაც აქ ვაკეთებთ. მალე დასრულდება წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა, უახლოეს თვეებში კი საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება დაიწყება. როგორც კი ამ პრობლემას მოვაგვარებთ, ყველა ეზოში შევალთ მაგარი გზით"“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა ფოთში უახლოეს ერთ კვირაში ახალი მეტალურგიული საწარმო გაიხსნება.

„ამიტომაც, ვისაც ეგონა, რომ ზონის პროგრამა არ იმუშავებდა, შეცდა. ის, შედარებით დაგვიანებით, ვიდრე გვეგონა, მაგრამ მაინც მუშაობს. ერთი სიტყვით, ამ ქალაქში დიდი გეგმები გვაქვს“, - დასძინა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკა უზნეობაა, თუ ის არ ემსახურება ხალხის ინტერესებს.

„პოლიტიკა ის კი არ არის, რომ ვიღაცა გალანძღო, შენი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილო, პოლიტიკის ერთადერთი გამართლება არსებობს მაშინ, თუ ქართულ ოჯახებს აქვთ უკეთესი ცხოვრება“, -  განაცხადა  პრეზიდენტმა.