ნიკა სანოძე: სურმავას გაუჩინარების შესახებ, ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოები და დიპკორპუსის წარმომადგენლები ფლობენ

ნიკა სანოძე: სურმავას გაუჩინარების შესახებ, ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოები და დიპკორპუსის წარმომადგენლები ფლობენ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოალიციის ლიდერის,  ბიძინა ივანიშვილის  ყოფილი დაცვის წევრის ბესო სურმავას სიძის,  ნიკა სანოძის განცხადებით, მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფება ბესო სურმავა.

 როგორც სანოძე From.ge  - სთან საუბარში აცხადებს, სურმავას გაუჩინარების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებსა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

„იმ ინფორმაციაზე მეტს არ ვფლობ, რაც გუშინ გავაჟღერეთ. ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და ბუნებრივია,  მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას  დიპლომატიური კორპუსიც ფლობს“, - განაცხადა სანოძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერები,  რომელიც  „ქართული ოცნების“  წევრების საუბარს ასახავს. აუდიოჩანაწერები ბესო სურმავამ გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო.

როგორც სურმავა ვიდეომიმართვაში აცხადებს, უსაფრთხოების სამსახურს კოალიციის წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

„ვიცი,  რომ ამ ვიდეოს ნახვა ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვთვლი, მოვიქცე ისე, როგორც მიმაჩნია საჭიროდ. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინასგან ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა,  „ქართული ოცნების“  წევრების საუბრების ფარული მოსმენა და ჩაწერა, რაზეც მე მიმიწვდებოდა ხელი“, - აცხადებს სურმავა.

სურმავა ამ დრომდე გაუჩინარებულია.  ოჯახის წევრებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.