„თავისუფალი საქართველოს“ ჩუღურეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა „ქართული ოცნების სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

„თავისუფალი საქართველოს“ ჩუღურეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა „ქართული ოცნების სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

კოალიცია „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს“ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსერვატიულ მონარქისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა გიორგი კარტოზიამ საპარლამენტო არჩევნებისათვის  კანდიდატურა მოხსნა.

როგორც კარტოზიამ დღეს For.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ის ჩუღურეთის რაიონში მხარს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ვიქტორ დოლიძეს დაუჭერს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იქნა მიღებული. კარტოზია აცხადებს, რომ პირველი ოქტომბერი ქვეყნისა და საზოგადოების გადარჩენის უკანასკნელი შანსია და აღნიშნა, რომ ამიტომ თავი ვალდებულად ჩათვალა „ქვეყნის გამთლიანებისათვის მებრძოლთა“ გვერდით დამდგარიყო.

„1 ოქტომბერს დგას ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი და ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და არა ის სკამები, რომლისთვისაც იბრძვიან სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისა და ერთიანობისთვის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საკითხებზე „ქართულ ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას მის სასარგებლოდ. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დღევანდელი რეჟიმისა და ხელისუფლების შეცვლა“, - განაცხადა კარტოზიამ.

მისივე განცხადებით, მთელი კონსერვატიურ-მონარქისტული პარტია მხარს მთლიანად „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და მის წარმომადგენლებს უჭერს.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც აქვს სურვილიც, უნარიც და შესაძლებლობაც საქართველო ჩიხიდან გამოიყვანოს და  ქვეყანა წინ წაიყვანოს. ამიტომ სხვა ოპოზიციის ლიდერებსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროცესებში  ახალგაზრდებიც აქტიურად არიან ჩართულები. სტუდენტები გამოცოცხლდნენ და ეს დიდი მუხტის მომცემია. მათ თავიანთი მომავლისთვის ზრუნვა დამოუკიდებლად დაიწყეს და ჩვენ სწორედ იქ უნდა ვიდგეთ სადაც ქართველი ხალხის დგას. ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი. ამიტომ სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს მოვუწოდებთ მათაც გადადგან ქვეყნის ერათიანობისკენ ნაბიჯი და მხარი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას დაუჭირონ“, - დასძინა მან.

პარტიაშია ასევე აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხმების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება და აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდება, ისინი მზად არიან თავიანთი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ .