შალვა ხაჭაპურიძე: ბელგიაშიც მოქმედებს ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი

შალვა ხაჭაპურიძე: ბელგიაშიც მოქმედებს ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი

სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის  შესახებ, რომ ბელგიის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო, კოალიცია „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ  სავარაუდოდ, ბედუკაძემ ბელგიის პროკურატურას თავშესფრის მოთხოვნასა და დევნასთან დაკავშირებით მიმართა, რადგან   ბელგიაშიც მოქმედებს ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი  რაც მთელი მსოფლიოს სისხლის სამართლის პროცესების ძირითადი მუხლია.

„ეს ნიშნავს, რომ პირი შეიძლება გაასამართლო დანაშაულისთვის იქ, სადაც მას აქვს ეს დანაშაული ჩადენილი. თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლებელია ბელგიაში დასჯადი იყოს ის, რაც საქართველოში დასჯადი არაა ან პირიქით. სავარაუდოდ, ბედუკაძის ადვოკატი ბელგიის პროკურატურაში საჩივარს შეიტანდა, სადაც მითითებული ექნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მის მიმართ დევნას და  ბუნებრივია, ბედუკაძე ყველა, უკვე საყოველთაოდ ცნობილ დოკუმენტებს  წარუდგენდა პროკურატურას, რის შემდეგაც, ადვოკატი უკვე ვალდებულია გადმოაგზავნოს საქართველოს პროკურატურაში ეს საქმე და დაიწყოს იმ პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა , ვინც ბედუკაძეს დევნის,  ემუქრება და ა.შ. ვფიქრობ, აქ საკითხის სწორი ინტერპრეტაცია არ არის“,-აცხადებს ხაჭაპურიძე.

ადვოკატის განცხადებით, ბელგიის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი ერთი საქმე უკვე არსებობს.  

„ როგორც ვიცი, მერაბ ბლადაძეს, რომელიც ასევე ბელგიაში ცხოვრობს, შეტანილი ჰქონდა  ბელგიის სასამართლოში სარჩელი და ითხოვდა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს აკრძალვოდა ბელგიაში ჩასვა. ამის პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს“,-აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

 შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, არჩევნების დამთავრების შემდეგ ის საქართველოს სასამართლოში სახელისუფლო ტელევიზიების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის  აღძვრას მოითხოვს  იმ კლიპთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლება დღედაღამ ატრიალებს ჩემს , ანუ შალვა ხაჭაპურიძის შესახებ.

„პირველი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ხელისუფლებაში როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგეს- ჰააგის პროკურატურაში სარჩელი არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის და ხელისუფლების დანაშაულებრივი რეჟიმის წიანაღმდეგაა შეტანილი, რადგან საქართველო ვერ მოკლავდა ჟვანიას და საქართველო ვერ ჩახოცავდა და ვერ დაარბევდა საკუთრ მოქალაქეებს 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ, საქართველო ფიზიკურად ვერ გააკეთებდა ამას და ამ ჩადენილი დანაშაულებების შემსრულებლებს  სახელები და გვარები აქვთ.

ჰააგაში შეტანილ სარჩელში ჩამოთვლილია ყველა ის საქმე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ არ გამოიძია ან დაიწყო და ჯერაც არ გამოუძიებია და დაუმთავრებელია. ჰააგის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი საქმის შემოკლებული ვარიანტი სოციალურ ქსელებში ჩემს საკუთარ ვებგვერდზე დევს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ.

ახლა, რაც შეეხებას მეორე განცხადებას. რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ იურისტების ჯგუფი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც კი ჩატარდება არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ მე თეთრიწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი გახლავართ და ამ დღეებში ბუნებრივია ვერ მოვახერხებ ამას, მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ სახელისუფლებო ტელევიზიებმა მომიხადონ ბოდიში ამ კლიპთან დაკავშირებით, სადაც მე შევარდნაძის დროინდელ, ქურდებთან დაახლოებულ  მოსამართლედ მაცხადებენ, ზუსტად იმდენჯერ დაატრიალონ საბოდიშო კლიპი, რამდენჯერაც აქამდე ჩემს წინააღმდეგ ატრიალებდნენ, მოვითხოვ მათგან მორალურ და მატერიალურ კომპენსაციებს.სასამართლოს კი  წარვუდგენ დოკუმენტალურად დადასტურებულ მასალას-ჩემი მოსამართლეობის დროს გამოიძია 22 კანონიერი ქურდის საქმე, რომელთაც სხვათაშორის, მაქსიმალური სასჯელი შეეფარდათ და აგრეთვე სასამართლოს წარვუდგენ ამ ყბადაღებულ ჰააგის საქმეს, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები“,-აცხადებს  ხაჭაპურიძე.