IFJ: მედიაზე განხორციელებული შეტევა ყოველთვის მცდარი და კონტრპროდუქტიულია

IFJ: მედიაზე განხორციელებული შეტევა ყოველთვის მცდარი და კონტრპროდუქტიულია

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IFJ) საპარლამენტო არჩევნების დღეს ცესკოს მიერ ჟურნალისტთათვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც IFJ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებულ წინა არჩევნებს თან ახლდა მედიის კონტროლისა და ინფორმირების დამოუკიდებელი წყაროების შეზღუდვის მცდელობები. ეხლა კი მათი აზრით მთავრობას აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს ღია და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულება და უფლება მისცეს ჟურნალისტებს, თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე იმოქმედონ არჩევნების წინა პერიოდში.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც არჩევნების დღეს გარკვეული შეზღუდული ზონების დაწესებას ითვალისწინებს და სადაც რეპორტიორები არ დაიშვებიან და აღნიშნავს, რომ ეს მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში მთავრობა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობის პროცესის დაბრკოლებასაც შეეცადა, რაც ხორციელდებოდა სამაუწყებლო ჯიხურების გადანაწილების ტენდერის მოდიფიცირებისა და კერძო კომპანიების კუთვნილი სატელიტური ანტენების დემონტაჟის გზით. პრესის თავისუფლების კუთხით, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა 2011 წლის მაისში პოლიციის მიერ ოპოზიციის საპროტესტო აქციის ძალადობრივმა დარბევამ, რა დროსაც ჟურნალისტები სცემეს და მათი პროფესიული ტექნიკა მიზანმიმართულად გაანადგურეს, ასევე 2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორების დაკავებამ სავარაუდო "ჯაშუშობის" ბრალდებით", -აღნიშნულია ორგანიზაციის განცახდებაში.

IFJ აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები ძირს უთხრიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.

"მედიაზე განხორციელებული შეტევა ყოველთვის მცდარია და კონტრპროდუქტიული. დემოკრატია ვერ დაფუძნდება ქვეყანაში, თუკი მისი მესვეურები ვერ გაიაზრებენ, რომ ჟურნალისტიკა საზოგადო სიკეთეს წარმოადგენს და არ შეეცდებიან შექმნან გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის დამოუკიდებლად და დაუბრკოლებლად გავრცელება", - განაცხადა ბუმელამ.

მათივე ინფორმაციით, ბევრ კერძო მედიასაშუალებას უბრალოდ ნება არ დართეს განეხორციელებინათ სამაუწყებლო საქმიანობა.

ქართველი ჟურნალისტების დამოუკიდებელი ასოციაცია ასევე გმობს ქვეყანაში მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს და მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქართველი საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული