არასამთავრობოები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

არასამთავრობოები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  (საია) წარმომადგენლის ნათია კაპანაძის განცხადებით, სასამართლომ  ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობასთან  დაკავშირებით, არასამთავრობოების მიერ წარდგენილი არცერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა.

შესაბამისად,  არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

„სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ, აქცენტები,  რომელიც ამ დადგენილების კანონის წინააღმდეგობასთან დაკაშირებით გაკეთდა,  მიღებული და გაზიარებული არ იქნა. სამართლებრივად,  ჩვენ შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება ორი დღის ვადაში  სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ.  დღეს მივიღებთ საბოლოო, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და სააპელაციოში  შევიტანთ სარჩელს. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში მიიღებს და უკვე, მისი გადაწყვეტილება  საბოლოო იქნება, ის გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთის, საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღებების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის,  საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ამასთან,  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო დადგენილებით განესაზღვრა საარჩევნო პროცედურის ხელის შეშლის გარეშე, ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესი.

ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის ავტორები „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“,  „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“ და „საქართვლოს მედია-კლუბი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იყვნენ.

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის N42/2012 დადგენილების ნაწილობრივ არარად აღიარება და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.