გოგა ხაინდრავა: პროცედურულად დაკითხვაზე გადაღებული ყველა ვიდეომასალა და ოქმი გადამოწმდა

გოგა ხაინდრავა: პროცედურულად დაკითხვაზე გადაღებული ყველა ვიდეომასალა და ოქმი გადამოწმდა

"ჩემს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური ტერორია“, - ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ერთ -ერთმა ლიდერმა, გოგა ხაინდრავამ დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის I განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებას ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები გასცა. ხაინდრავას განცხადებით, პროცედურულად დაკითხვაზე გადაღებული ყველა ვიდეომასალა და ოქმი გადამოწმდა.

დღესვე მან აღნიშნა, რომ ამ საქმესთან პოლიციას არაანაირი კავშირი არ აქვს.

„ისინი ასრულებენ კრიმინალური ხელისუფლების დავალებას და ეს ხელისუფლება მალე დასრულდება", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

გარდა ამისა ხაინდრავა აცხადებს,  რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალები, რომელიც ტელეეთერების მეშვეობით გავრცელდა, ფაბრიკაციაა და ამჟამად საფრანგეთიდან ელოდება ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს.

"მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ პროკურატურის გამოქვეყნებული საბუთები გაყალბებულია და ამის გამო მათ მოუწევთ პასუხისგება", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას დაკითხვის პროცესი ვაკე-საბურთალოს პოლიციის I განყოფილებაში დღეს 13.00 საათზე დაიწყო და 5 საათი გრძელდებოდა.