სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში 13 პოლიტპატიმარი შიმშილობას გეგმავს

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში 13 პოლიტპატიმარი შიმშილობას გეგმავს

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში 13 მსჯავრდებული, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე  შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი აღნიშნულ დაწესებულებაში 2012 წლის 26 სექტემბერს იმყოფებოდა და აღნიშნული ინფორმაციაც სწორედ პატიმრებისგან მიიღეს.

„სახალხო დამცველის სახელზე მათ დაწერეს განცხადება, რომლის მიხედვითაც აცხადებენ შიმშილობას ამა წლის 26 სექტემბრის 00.00 საათიდან 1 ოქტომბრის დადგომამდე, რომლის მიზეზადაც ასახელებენ საზოგადოდ ცნობილი წამების ფაქტების გაპროტესტებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციითვე, მსჯავრდებულები მოთხოვენ, რომ რუსთავის N17 დაწესებულებაში - სადაც ისინი არიან განთავსებული, გავრცელდეს „Must Carry“-ს პრინციპი, მათ შორის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც.