ხუხაშვილი:  ჩანაწერებიდან ნათლად გამოჩნდა,  რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ძალაუფლება, როგორც ბიზნესი, რომელსაც მოაქვს დიდი ფული

ხუხაშვილი: ჩანაწერებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ძალაუფლება, როგორც ბიზნესი, რომელსაც მოაქვს დიდი ფული

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მას აქვს ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებს ბადრი პატარკაციშვილთან.

როგორც ხუხაშვილმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში  ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამ ჩანაწერებით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ხელისუფლების რეალური სახე, რომ სახელმწიფო ინტერესი მათთვის არასოდეს არ იყო მნიშვნელოვანი და რომ ისინი ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესების გადანაწილებითა და თავიანთი სკამების შენარჩუნებით იყვნენ დაკავებულები.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, როცა ასეთ ხელისუფლებას პატარკაციშვილთან რაიმე სახის პრეტენზიები ჰქონდა.

„სააკაშვილი, რომელიც მუდამ ჭამის პროცესშია, ამ თავის საჭმელებთან ერთად  საქართველოს ინტერესებსაც ახრამუნებდა და ახრამუნებს. პარალელურად კი ბიზნესების განაწილებასა და მედიაში სიტუაციის დალაგებაზე ფიქრობს. ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ მათთვის სახელმწიფო ინტერესები არ იყო მთავარი, მათთვის მთავარია არა ძალაუფლება, როგორც სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაწილი, არამედ ძალაუფლება, როგორც ბიზნესი, რომელსაც მოაქვს დიდი ფული და საკუთარი მნიშვნელოვანების შეგრძნება. ეს არის ავადმყოფური მიდგომა და ჯერ კიდევ ჩვენ ამათ ხელში ვართ. თუმცა, ისინი ბოლო დღეებს ითვლიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ პატარკაციშვილთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. მისი თქმით, პატარკაციშვილი იყო ბიზნესმენი და მას არასოდეს ჰქონია პოლიტიკაში მოსვლის სურვილი.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილისგან დაბეჯითებით მოითხოვდა შემდგარიყო „ჰოლდინგი“, რომელშიც ხელისუფლება ჩადებდა სახელმწიფო საკუთრებას - რკინიგზას, პატარკაციშვილს კი მასში უნდა ჩაედო „მაგთისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ აქციები, შემდეგ კი ერთად უნდა ემართათ.

„ეს იყო ხელისუფლების ოფიციალური მოთხოვნა. ბადრი პატარკაციშვილმა ამაზე უარი თქვა. სწორედ ამის შემდეგ გაიჟღერა პატარკაციშვილის ცნობილმა ფრაზამ „იმედი არ იყიდება“ და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და აგრესია. ეს იყო პატარკაციშვილის პოლიტაკაში აღმოჩენის ერთადერთი მიზეზი“, - განაცხადა მან.

ექსპერტი ყვება ერთი ჩანაწერის ამბავსაც, სადაც უგულავა პატარკაციშვილთან მიდის და ხელისუფლების მესიჯი მიაქვს, სადაც ემუქრება, რომ თუ ხელისუფლების შეთავაზებას არ მიიღებს, რუსეთის ინტერესების წარმომადგენლად „გაასაღებს“.

„ის ამბობს, რომ წყალგამყოფი არის რუსეთი. ასევე იმასაც აცხადებს, პროპაგანდისტული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები  ვართ მიგაწებოთ რუსეთს ინტერესებს. ანუ ფაქტობრივად  ადასტურებს, რომ ვიცით, რომ რუსეთთან არ ხარ, მაგრამ იძულებულები ვართ დაგარქვათ რუსეთი. ეს არის აბსოლუტურად სკანდალური. ჩვენ ვიცით, რომ ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან შეთხზული იქნა შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, ის რუსული ინტერესების დამცველად ვლინდება, ამას კი მოყვა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, რომლის მსგავსიც არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა და ეს არის ჩადენილი ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა მან.