Human Rights Watch: თითოეული დაკავებულის საპროცესო უფლებების დასაცავად, მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს

Human Rights Watch: თითოეული დაკავებულის საპროცესო უფლებების დასაცავად, მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური აქტივისტებისა და მომიტინგეთა მიმართ,  ადმინისტრაციული დაკავების წესის ბოროტად გამოყენებით,  საქართველო  საერთაშორისო ვალდებულებას  არღვევს, აღკვეთოს თვითნებური დაკავების შემთხვევები.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები თითოეული დაკავებულის საპროცესო უფლებების დასაცავად და უზრუნველყოს,  რომ თითოეული საქმე,  მიუხედავად მისი კრიმინალური თუ ადმინისტრაციული ხასიათისა,  კანონიერი სასამართლო პროცესის პირობებში იყოს გარჩეული.

როგორც Human Rights Watch-ის უფროსმა ექსპერტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გიორგი გოგიამ განაცხადა, თითოეულ დაკავებულს აქვს უფლება მოითხოვოს საკუთარი საქმის გარჩევა და საკუთარი უფლებების პატივისცემა დაკავების პერიოდში.

ანგარიშის მიხედვით, წვრილმანი დანაშაული არ კვალიფიცირდება ნასამართლეობად, მაგრამ მასზე დაწესებული სასჯელი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით,  საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის(წვრილმანი დანაშაულისათვის) დაკავებულს შეიძლება შეეფერდოს 90 დღით პატიმრობა, მაგრამ კოდექსი არ იძლევა ადეკვატურ ინსტრუქციებს დაკავებულთა საპროცესო უფლებების შესახებ, რაც ხშირად იწვევს თვითნებური დაკავების ფაქტებს. კოდექსი არ ავალდებულებს პოლიციას, მოახდინოს დაკავებულთა ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. უკანასკნელ ხანებში დაკავებულთა რამდენიმე ადვოკატმა Human Rights Watch-ს განუცხადა რომ მათი კლიენტების სასამართლო პროცესები ჩატარდა ზერელედ და მოსამართლეებმა დაცვის მხარეს არ მისცეს მოწმეთა გამოძახებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად,  თითოეულ დაკავებულს აქვს უფლება სათანადო სასამართლო პროცესისა და სათანადო დაცვისა,  „პროცესი არ უნდა წარმოადგენდეს უქმად გატარებულ დროს ოქმზე ბეჭდის დარტყმამდე“, შესაბამისმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიონ წინასწარი დაკავებისას პატიმართა მიმართ ჩადენილი არასწორი მოპყრობის ნებისმიერი ფაქტები და (განცხადებები ასეთი ფაქტების შესახებ)

„პოლიციას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დააპატიმროს ნებისმიერი პირი, ვინც ამ წესრიგის დარღვევას შეეცდება,  მაგრამ უნდა არსებობდეს თვითნებური დაკავების თავიდან აცილების მექანიზმები. არსებული სამართლებრივი ჩარჩო და სასამართლო არ უზრუნველყოფს დაკავებულთა სათანადო დაცვას. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად“,  - აღნიშნულია ანგარიშში.