ივანიშვილთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად გიორგი ჭანტურიამ და ლევან გახელაძემ დატოვეს

ივანიშვილთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად გიორგი ჭანტურიამ და ლევან გახელაძემ დატოვეს

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან პრესის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მედია-საშუალებების რედაქტორების, დამფუძნებლებისა და ჟურნალისტების შეხვედრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ და საზოგადოებრივი რადიოს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეხვედრაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ და მის იდეოლოგიასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რასაც გიორგი ჭანტურიას პროტესტიმოყვა.

მედიის წარმომადგენლებმა კოალიციის ლიდერს დაუსვეს კითხვა, თუ როგორ მოახერხებდა იგი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ნორმალური ფუნქციონირების მიღწევას. ამ შეკითხვის საპასუხოდ ჭანტურიამ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დადგმული სპექტაკლი იყო და შეხვედრის ორგანიზატორს გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორს ლაშა ტუღუშს სთხოვა, შეხვედრის ფორმატისთვის ყურადღება მიექცია.

ივანიშვილმა აღნიშნულ შეკითხვას პასუხი მაინც გასცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელს დამოუკიდებელს გახდიდა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ფულით ფინანსდება და ერთი კაცის სააკაშვილის იდეოლოგიას ემსახურება.

ჭანტურიას განმარტებით, კი ყველა მონიტორინგი - ქართული თუ საერთაშორისო, აღიარებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის დაბალანსებული. მისი თქმით, როგორც ჩანს შეკრებილი საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს არ იცნობს.

„რისთვის დაგვიბარეთ სალანძღავად?! ასევე თქვენ ალბათ, არ იცით როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი. ის არ არის დამოკიდებული პრემიერ-მინისტრზე ან პარლამენტზე, ეს არის პროცესი, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად ხდება და მრავალ ევროპულ ქვეყნას სურს, ჩვენი გამოცდილება გადაიტანოს", - განაცხადა ჭანტურიამ და დარბაზი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მასა და "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დარბაზის გარეთ გაგრძელდა, ღლონტმა ჭანტურიას კოლმეურნეობის თავმჯდომარე და უზრდელი პრეზიდენტის უზრდელი მონა, ხოლო ჭანტურიამ  ღლონტს - ფულის მონა უწოდა.