გიორგი ტუღუში და შოთა უტიაშვილი  არასამთავრობოებს შეხვდნენ

გიორგი ტუღუში და შოთა უტიაშვილი არასამთავრობოებს შეხვდნენ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი გიორგი ტუღუში და მისი მოადგილე შოთა უტიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც ტუღუშმა განაცხადა, საუბრის თემა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო იყო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის განხორციელების მიზნით იქმნება.

მისი თქმით, შეხვედრაზე  გადაწყდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენენ საკუთარ კონცეფციას, თუ როგორი, რამდენი ადამიანისგან დაკომპლექტებული უნდა იყოს ეს საბჭო და რა ფუნქციები ექნება მას და აღნიშნა, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება კონკრეტულ პროცესებს.

„შეხვედრაში მონაწილებს შევთავაზეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში წარმოადგინონ კონცეფცია, თუ როგორ ხედავენ ამ კომისიის, საბჭოს ფუნქციონირებას და იმედს ვიტოვებ, ძალიან მალე, როდესაც შევაჯერებთ ყველა ელემენტს, უკვე მოხდება საბჭოს დაკომპლექტება და მას ექნება საშუალება, დამოუკიდებლად აწარმოოს მონიტორინგი სასჯელაღსრულების სიტემაში", - განაცხადა ტუღუშმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში 15 ოქტომბერს გაიმართება.