სააკაშვილი: რაც 2008 წელს ჩვენმა მტერმა  ვერ გააკეთა,  ამას, ვერც პირველ ოქტომბერს ვერ გააკეთებს

სააკაშვილი: რაც 2008 წელს ჩვენმა მტერმა ვერ გააკეთა, ამას, ვერც პირველ ოქტომბერს ვერ გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი გორს სტუმრობს. პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და  მათ მოუწოდა, რომ  ნურავის მისცემენ საშუალებას საქართველო წარსულში დააბრუნოს.

„ის,  რაც 2008 წელს ჩვენმა მტერმა ამ მოედანზე ვერ გააკეთა, ვიტყვით,  რომ  ამას, ვერც პირველ ოქტომბერს ვერ გააკეთებს.  მინდა ყველა პარტიას ვუთხრა,  ჩვენ არავის შიდა მტრად არ განვიხილავთ.  ყველა პარტია, ყველა აღმსარებლობისა და წარმომავლობის ადამიანი უნდა გაერთიანდეს, არის თემები, რომლებზედაც  სპეკულირება არ შეიძლება,  მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა ვთქვათ, აღმშენებლობა არავინ არ უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, არ უნდა გაჩერდეს განათლების სისტემის გაუმჯობესება, ახალი საავადმყოფოების მშენებლობა და აშ, რადგან ეს მისი თქმით,  ყველა ადამიანის ინტერესებშია,  რა პოლიტიკური მრწამსისაც არ უნდა იყოს.

„არავითარ შემთხვევაში,  არ უნდა დავაბრუნოთ კანონიერი ქურდები და ორგანიზებული დანაშაული, იმიტომ რომ  ხალხი ამას არ დაუშვებს. ჩვენ ყველამ ერთად, უნდა  ვთქვათ,  რომ საქართველო  გარე მტრებს არასდროს არ დაუწვება  და  მათი ვერანაირი  ტანკები  ვერ შეაჩერებს ქართველი ერის ურყევ ნებას იყოს თავისუფალი და განვითარდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.