რუსუდან ჭყონიას ფილმი „გაიღიმეთ“  ოსკარზე წარსდგება(VIDEO)

რუსუდან ჭყონიას ფილმი „გაიღიმეთ“ ოსკარზე წარსდგება(VIDEO)

წელს ოსკარზე წარსადგენად, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის, ეროვნული კინოცენტრის მიერ შედგენილმა კომისიამ რუსუდან ჭყონიას მხატვრული დებიუტი „გაიღიმეთ” შეარჩია. ფილმი ცოტა ხნის წინ, ვენეციის კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში “Venice Days” კონკურსში მონაწილეობდა. ვენეციაში წარმატებული პრემიერის შემდეგ ფილმი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახეს და გაქირავებაშიც იყო. პრემიერა თბილისში ახლო მომავალში გაიმართება და ფილმი კონოთეატრებში გავა.

ფილმი “KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ” წარმოადგენს საქართველოს საფრანგეთის და ლუქსემბურგის კოპროდუქციას. სცენარი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ფილმი განხორციელებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმი მოგვითხრობს იმ დრამატული მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსზე ვითარდება. ათი მრავალშვილიანი დედა, რომელთაგანაც ხუთი სოციალურად უაღრესად დაუცველ ფენას ეკუთვნის, ცდილობს მოიგოს მრავალშვლიანი დედების სილამაზიას კონკურსი, რომლის მთავარი პრიზი ბინა და 25 000 ამერიკული დოლარია.

ფილმში მონაწილეობენ: ია სუხიტაშილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა, ეკა ქართველიშვილი, ლელა მეტრეველი, ია ნინიძე, თორნიკე ბზიავა.