კონსტანტინე გამსახურდია: ორ მხარესთან ერთად უხილავად ჩასაფრებული და გააზრებულად მომქმედი მესამე ძალის ყოფნა იგრძნობა

კონსტანტინე გამსახურდია: ორ მხარესთან ერთად უხილავად ჩასაფრებული და გააზრებულად მომქმედი მესამე ძალის ყოფნა იგრძნობა

ყოფილი პარლამენტარი, კონსტანტინე გამსახურდია საქართველში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. „არ შემიძლია რაიმეს განცხადება და რაღაცისკენ მოწოდება, რადგან თითქმის აღარ მრჩება ჰაერი და სივრცე. როგორც კი ჰაერს შევისუნთქავ, რომ რაიმე ამოვთქვა, სული სისხლისღვრის, დაპირისპირების და ძალმომრეობის წინათგრძნობით მევსება, გიგანტური პროვოკაციების ლანდი რომ წამოსდგომია თავზე“- აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

 From.ge   კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.  

ძვირფასო მეგობრებო, ამ წერილს ვწერ არა როგორც პოლიტიკოსი (თუმცა გასული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან) და არა როგორც სახელმწიფოს სამსახურში მყოფი დიპლომატი, არამედ როგორც ერთი თქვენთაგანი, ქართველი და მოქალაქე.

არ შემიძლია რაიმეს განცხადება და რაღაცისკენ მოწოდება, რადგან თითქმის აღარ მრჩება ჰაერი და სივრცე. როგორც კი ჰაერს შევისუნთქავ, რომ რაიმე ამოვთქვა, სული სისხლისღვრის, დაპირისპირების და ძალმომრეობის წინათგრძნობით მევსება, გიგანტური პროვოკაციების ლანდი რომ წამოსდგომია თავზე. აქ ორ მხარესთან ერთად უხილავად ჩასაფრებული და გააზრებულად მომქმედი მესამე ძალის ყოფნა იგრძნობა.

ამადაც ჩემი აზრები იგივე მიმართულებით იძვრის, საითკენაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართვა მიანიშნებდა და ეს ყველა ბრძნული განზრახვის მქონე მღვდელმსახურის პოზიციაცაა. პატრიარქის ამჟამინდელი მიმართვის დედააზრი კონფრონტაციისთვის ხელის შეშლა და პროცესების პოლიტიკურ კალაპოტში მოქცევაა. შეგნება იმისა, რომ ეს არჩევნებია და არა არმაგედონი, სადაც "კეთილმა" ერთი დაკვრით უნდა გაანადგუროს "ბოროტი" და გააქროს იგი მყისიერად. აქვე დავსძენ, რომ მწყემსმთავრის პოზიციასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს რჩევებს, რეკომენდაციებს და შეფასებებს, წამოსულს ამერიკის და ევროპის დედაქალაქებიდან, ანუ ჩვენი პარტნიორებისგან. ვფიქრობ მათზე სწორება სასარგებლო იქნება ჩვენთვის.

მე ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, ისინიც, ვინც მაძაგებენ და მაკრიტიკებენ ღიად თუ ფარულად. ჩემიანებად არ მიმაჩნია მწამებლები და უცხო ქვეყნის ემისარ-აგენტები. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეებს, ორივე მხარეს ბევრია ჩემი მეგობარი. ამიტომაც დაე გაიმარჯვონ ქართველებმა, პატიოსანმა ადამიანებმა აქაც და იქაც, ოღონდ ნუ გავამარჯვებინებთ ფარულად მომქმედ მესამე ძალას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეკალივით გასჩხერია თვალში და თითქოს გვეუბნება: მიდით, რაღას უყურებთ, დაუპირისპირდითო ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ, რომ მერე თქვან მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამათ არ შეუძლიათ იგუონ სახელმწიფოებრიობა, უჩვენოდ აქამდე ვერ შედგნენო.

შემინდეთ მეგობრებო. ერთხელ უკვე ვიყავი დაპირისპირებაში გარეული, თუმცა არც მაშინ მემეტებოდნენ გაბრიყვებული და მოტყუებული ქართველები (ალბათ შევარდნაძის და რამოდენიმე კაცის გარდა) და მახსოვს პრეზიდენტის მოწოდებაც "არც ერთი ქართველი კრემლის სატანას". სისხლში ხელი არასოდეს გამისვრია, მაგრამ მხარს ვუჭერდი ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამეგრელოში. ვთვლიდი, რომ ეს იყო დამოუკიდებლობის მონაპოვართა შენარჩუნების და პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის ბოლო შანსი. სამწუხაროდ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

იგივე ნაკადში ვერ შევალ და თქვენც იგივეს გირჩევთ. იმ წლებმა უმძიმესი ღია ჭრილობა დატოვა და მას ახალი ჭრილობა არ უნდა დაემატოს. გვახსოვდეს გადამწვარი თბილისის ცენტრი, სამეგრელოს აოხრებული ქალაქები და დაკარგული აფხაზეთი.

და ბოლოს: თუ პროცესები გონიერების ფარგლებს მაინც გასცდება, შესაძლოა მავანმა ხელი ასწიოს სახელმწიფოზე, ხოლო სახელმწიფოს ზოგიერთ ძალოვან სეგმენტს არ ჰქონდეს ადექვატური, მართლზომიერი რეაქცია და დაარღვიოს ძალის გამოყენების მიღებული ნორმა, როგორც ეს ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ასე დაერთვის ერთი უბედურება მეორეს და აღმოვჩნდებით მოჯადოებულ წრეში, საიდანაც ძნელად თუ მოიძებნება გამოსავალი. მჯერა, რომ უსამართლობის და ძალადობის გამოვლინებები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი, ქვეყანაში აუცილებლად აღიკვეთება ჩვენი საერთო ძალისხმევით.

"უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი ქვეყანაზე არის მხოლოდ სამართალი" (აკაკი) ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ყველა გავისიგრძეგანებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე”,-ნათქვამია კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.