ირაკლი ალასანია: ეჭვი არავის შეეპაროს, რომ  კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლეობით შევა პარლამენტში

ირაკლი ალასანია: ეჭვი არავის შეეპაროს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლეობით შევა პარლამენტში

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია ზედა ეწერის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ალასანიამ მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო პროგრამები გააცნო.

„ პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას აქ მობრძანებისთვის, იმისთვის რომ არ გეშინიათ თქვენი პოზიციის დაფიქსირების , მადლობა იმისთვის, რომ თქვენგან დიდი მუხტი  მოდის და მადლობა იმისთვის, რომ გვერდში მიდგახართ. მე, ირაკლი ალასანია გპირდებით, რომ მალე წერტილი დაესმევა პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დაყოფას, დასრულდება ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლობა. გჯეროდეთ, რომ ვერავინ შეძლებს გაბედოს და მოიპაროს ხმა,არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ჩვენი კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლეობით შევა პარლამენტში“, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ. 
მაჟორიტარობის კანდიდატმა მათთან ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე იმ უსამართლობას, რომელიც ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით გავრცელდა და აღნიშნა, რომ ისინიც პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

„საზოგადოება პასუხს თხოვს ხელისუფლებას, თუ რატომ არ არიან დაკავებულები ბაჩო ახალაია და ზურაბ ადეიშვილი, რატომ დადიან ქუჩაში თავისუფლად და არ არიიან პასუხისგებაში მიცემულები“, - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მერე ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობით მოვა.

მისივე თქმით, მოქალაქეებთან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდა შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ევროკავშირის ელჩთან, ეუთო-ს წარმომადგენლებთან.

„მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებას. ისინი ძალიან მძიმე შეფასებას გააკეთებენ, იმ მასიურ დაკავებებზე, რომელიც მიმდინარეობს პოლიციიის მიერ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით და დასკვნა, რომელიც მე გამიჩნდა ამ შეხვედრების შემდეგ, არის ის, რომ არც ერთი ხმის მოპარვის საშუალებას არ მისცემენ სააკაშვილს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასასრულს.