ფოთელი ჟურნალისტების პროტესტი

ფოთელი ჟურნალისტების პროტესტი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ფოთელი ჟურნალსიტებიც შეუერთდნენ. მათ ცესკოს მიერ, ფოტო/ვიდეოგადაღების შეზღუდვის შესახებ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ფოთის საოლქო კომისიასთან დღეს გააპროტესტეს. ჟურნალისტების პროტესტს, ქალაქში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედია-საშუალება შეუერთდა.

ტელეკომპანია „მეცხრე ტალღისა“ და „რადიო თავისუფლების“ რეგიონული ჟურნალისტი, თეა აბსარიძე ამბობს, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაა.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და გაუგებარი, როგორ შეძლებენ მედია საშუალებები მუშაობას. მითუმეტეს რეგიონული მედია, სადაც არ არის სათანადო რესურსი“,-აცხადებს თეა აბსარიძე.

„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა ჟურნალისტებზე, სადაც ჩვენ ვიყავით ყველაზე თავისუფლად და მყარად. შეგვეძლო გადაგვეღო და დაგვეფიქსირებინა ყველა ის კანონდარღვევა, რაც ხდებოდა უბნებზე. ეს არის საქმიანობის პირდაპირი შეზღუდვა, რისი უფლებაც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა“,- განაცხადა აქციაზე მისულმა Tspress-ის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ.

ჟურნალისტებისთვის დაწესებულ რეგულაციებს ხელისშემშლელად მიიჩნევს მედია-კონსულტანტი ეკა ფირცხალავა.

„პუნქტობრივად, შეზღუდვები დაწესებულია იმ საკითხებზე, რაზედაც მედიას სწორედ რომ შეუძლია დააფიქსიროს დარღვევები. კომისიების თავმჯდომარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გააწყვეტინონ მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელება, მაშინ, როცა უმეტესწილად სწორედ მმართველი პარტიის წევრები არიან უბნებზე თავმჯდომარეები. თან ეს ხდება არჩევნებამდე 5 დღით ადრე და სულ რაღაც 2 დღე გვაქვს იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ. იმის ნაცვლად, რომ დღეს მედია აშუქებდეს წინასაარჩევნო დარღვევებს და უკანონობას, ჩვენ დღეს გვიწევს ჩვენივე უფლებებისთვის ბრძოლა, რაც ასევე მიზანმიმართულია, როგორც ჩანც“, - განაცხადა ფირცხალავამ, რომელიც ფოთში მიმდინარე აქციას შეუერთდა.