ზღულაძემ და ხიზანიშვილმა შსს-ს სამხარეო სამმართველოები,  რეგიონული და რაიონული დანაყოფები მოინახულეს

ზღულაძემ და ხიზანიშვილმა შსს-ს სამხარეო სამმართველოები, რეგიონული და რაიონული დანაყოფები მოინახულეს

შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ზღულაძემ და მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო სამმართველოები,  რეგიონული და რაიონული დანაყოფები მოინახულეს.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხი დღის განმავლობაში შსს ხელმძღვანელობა თითქმის ყველა დანაყოფში იმყოფებოდა.

ეკატერინე ზღულაძემ პოლიციელებთან შეხვედრები მინისტრის რანგში გამართა.

მან 8 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, უახლოესი სამოქმედო გეგმები და პრიორიტებები გააცნო.

„მინდა ჩემი მადლიერება შეძლებისდაგვარად პირადად მივიტანო ყველა რიგით თანამშრომლამდე. მადლობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და ავაშენეთ თვისობრივად ახალი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მოსახლოების დიდი ნდობით სარგებლობს. მინდა ღია და ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაზეც აქ კაბინეტებში ვთათბირობთ, რითაც ვამაყობთ და რის გაუმჯობესებას და გაკეთებასაც ვგეგმავთ ჩვენ. რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალურად  მშვიდი გარემო სადაც ყველა ჩვენ თანამოქალაქეს თავისუფლად შეეძლება თავისი არჩევანის დაფიქსირება“, - განაცხადა  ზღულაძემ.

შსს სამინისტროს ხელმძღვანელობის რეგიონებში ვიზიტებსა და  თანამშრომლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.