ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება იზღუდება.
აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები: „არ არის ფოტოები, არ არის დემოკრატია“, „მოგვეცით შესაძლებლობა, ავსახოთ რეალობა“, „ცესკო ნუ გეშინია ფოტო და ვიდეოგადაღების“, „ეს კეთდება გამჭვირვალობისთვის“.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელის, მამუკა ღლონტის განცხადებით, ამ დადგენილების მიღებით ცესკო-ს არჩევნების გაყალბების ხელშეწყობა სურს.
„ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა მედიისთვის და გვინდა ვთხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ რეაგირება ამ უკანონობაზე“, - განაცხადა ღლონტმა.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში დადგენილებაში არსებულ შეზღუდვებს საგანგაშოს უწოდებს.
მისი თქმით, საარჩევნო უბანში ჟურნალისტების სამი მეტრის მოშორებით დაყენება ნიშნავს იმას, რომ ისინი ფაქტობრივად ვერ იმუშავებენ.
„თუ თქვენ მოისურვებთ საარჩევნო უბნიდან გასვლას, უკან ვეღარ დაბრუნდებით. თუ რომელიმე ადამიანის გადაღება გინდათ, რომელიც ამომრჩეველთა კაბინაში შედის, ესეც არ შეგიძლიათ. კამერა მიმართული უნდა იყოს, მხოლოდ საარჩევნო ყუთისკენ, ამ დროს კი შესაძლოა, გაყალბების მცდელობა შეიძლება გამოგეპაროთ“, - განაცხადა ტუღუშმა.
ჟურნალისტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის პატივისცემისა და დადგენილების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.