ფილარმონიასთან სტუდენტებისა და უფლებადამცველების აქცია 17:00 საათზე განახლდება

ფილარმონიასთან სტუდენტებისა და უფლებადამცველების აქცია 17:00 საათზე განახლდება

18 სექტემბერს, სტუდენტებისა და უფლებადამცველების მიერ დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს განახლდება. მომიტინგეები, ფილარმონიასთან 17:00 საათზე შეიკრიბებიან. ისინი საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებენ და მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. გარდა ამისა, მათი ერთ ერთი მოთხოვნა აღნიშნული საქმის ობიექტურად ჩატარება და ყველა იმ პირის მკაცრად დასჯაა, ვინც პატიმართა წამებაში მიიღო მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, საპროტესტო აქციები ფილარმონიასთან 18 სექტემბრიდან პერმანენტულად იმართება. მომიტინგეების პოზიცია გაიზიარეს და აქციას შეუერთდნენ წყალბურთელები, მოცეკვავეები, მორაგბეები, მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. ასევე საპროტესტო აქციებს სასულიერო პირებიცა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.