ზვიად ძიძიგური: არჩევნები ხელისუფლებას არჩევნებამდე წაგებული აქვს, ქართულ საზოგადოებას კი მოგებული

ზვიად ძიძიგური: არჩევნები ხელისუფლებას არჩევნებამდე წაგებული აქვს, ქართულ საზოგადოებას კი მოგებული

კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პატიმართა წამების კადრები შევარდნაძის ხელისუფლების დროს რომ გავრცელებულიყო,  ის იქვე დამთავრდებოდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არჩევნები ხელისუფლებას არჩევნებამდე აქვს წაგებული, ქართულ საზოგადოებას კი მოგებული.  

ქართული ტელევიზიების მიერ პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, ქართულმა საზოგადოებამ უკიდურესი აღშფოთება გამოხატა. აღშფოთება ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ მათთან დაახლოებულმა პირებმაც საჯაროდ დააფიქსირეს. ხომ არ ჰგავს ეს სიტუაცია 2003 წლის ნოემბრის თვეს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ალაპარაკდნენ შევარდნაძის ხელისუფლების დანაშაულებებზე?

-25 წელიწადია ქართულ პოლიტიკაში ვარ და ასეთი სკანდალური კადრები არ გავრცელებულა. რა თქმა უნდა ციხეებში ხდებოდა ძალადობა, მაგრამ არა ასეთი ფორმით. შევარდნაძის პერიოდში ასეთი კადრები რომ გამოქვეყნებულიყო, რის არჩევნები, რა არჩევნები, ხელისუფლება მაშინვე დამთავრდებოდა. ამჟამად საზოგადოებას ამ მხრივ გულწრფელი პროტესტი გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ ნოდიაც, მურღულიაც და სხვებიც გულწრფელად აპროტესტებენ, გარდა ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებმაც ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. საზოგადოებაში განგაში ადვოკატებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ატეხილი იყო, თუმცა ასე დეტალურად არავინ არაფერი არ იცოდა. შევარდნაძის ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი არ ჰქონდა, ახლა მთელი მსოფლიო შოკშია. ევროპელები და ამერიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში აცხადებდნენ, ომ საქართველოში დემოკრატია ყვავის, ერთ წამში ყველაფერი წყალში ჩაიყარა. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში რაც რვა  წლის განმავლობაში კეთდებოდა, ფარსი აღმოჩნდა.

ახლა მთავარია, რომ საზოგადოება რაიმე პროვოკაციას არ წამოეგოს, პროცესები არ წავიდეს უმართავი და ყველაფერი მშვიდობიანდ მივიდეს არჩევნებამდე. ჩვენ არავის არ ვეუბნებით, რომ ხმა ჩვენ მოგვეცით, ხმა ამ ხელისუფლებას არავინ აღარ უნდა მისცეს და საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას. 

თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს კადრები შევარდნაძის ხელისუფლების დროს რომ გავრცელებულიყო, ის იქვე დამთავრდებოდა, სააკაშვილის ხელისუფლებას ამ კადრების შემდეგ, კიდევ  გააჩნია უფლება მართოს სახელმწიფო?

-დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ არჩევნები ხელისუფლებას არჩევნებამდე აქვს წაგებული, ქართულ საზოგადოებას კი მოგებული. მე არ ვაკონკრეტებ რომელიმე პოლიტიკური  პარტიის მიერ მოგებულ არჩევნებს, მე ქართულ საზოგადოებაზე ვსაუბრობ. 

ქვეყანაში გამოსული ხალხის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ის 42%-, რომელიც ღიად არ აფიქსირებდა თავის პოზიციას, ვის დაუჭერდა მხარს არჩევნებში, ფიქრობთ რომ თქვენს ელექტორატს შეემატა?

- მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს. გარდა მათი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და თავის გადარჩენის მიზნით და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად დაუჭერს მათ ხმას. აქ უკვე აღარ არის ამ 42%-ზე საუბარი.  ქართულმა საზოგადოებამ ღიად დაინახა რა საშინელ საფრთხეშია ამ ხელისუფლების ხელში და რა საშინელ საფრთხეში აღმოჩნდება კიდევ, თუ ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დარჩება. აქტიურად მიდის ხუთნომრიანი მაისურების გახდა და შტაბების წინ დაყრა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში ხალხი აღარ მიდის და არანაირ კოორდინირებულ მუშაობაზე იქ საუბარიც აღარ არის. ეს იმაზე მიუთითებზე, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

როგორ შეაფასებთ იმ განცხადებას, რომ ეს კადრები, რომელმაც მთელი საქართველო ფეხზე დააყენარადიოობიექტივისთვის“  ვანო მერაბიშვილის მიერ იყო მიწოდებული, აქ უკვე სახელისუფლო შიდა დაპირისპირებაზეა საუბარი?

-ბაჩო ახალია და მისი თანამშრომლები იღებდნენ ამ კადრებს და სერიალებს ქმნიდნენ. დარწმუნებული ვარ, იქნება ადგილი, სადაც არა საათნახევრიანი, არამედ მრავალსაათიანი მასალა იქნება. აუცილებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება, მხოლოდ არჩევნების შემდეგ. ისევ ბაჩო ახალაია დანიშნა სააკაშვილმა ამ საქმის გამომძიებლად და შეუძლებელია ახალიამ და მისმა ქვეშევრდომებმა პენიტენციალურ სისტემაში რაიმე გამოძიება ჩაატაროს, შეუძლებელია მურთაზ ზოდელავამ რაიმე გამოძიება ჩაატაროს, როდესაც ეს კაცი ღია ეთერში პირადად იღებდა დავალებას და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში არანაირი კანონის უზენაესობის პრინციპი არ მოქმედებს, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა სააკაშვილი დგას. როდესაც ზოდელავა ამ ყველაფრის შემდეგ ისევ თამაზაშვილზე საუბრობდა, შეუძლებელია ეს კაცი გამომძიებელი იყოს. ამ დანაშაულებების გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა მოხდეს. ახლა მთავარია, პატიმრების უფლებების დაცვა მოხდეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველას ერთად გვექნება მისახედი ქვეყანაში  უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს ყველაფერი კი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, ყველას ერთად გასაკეთებელია.