შალვა შავგულიძე: პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა ხელისუფლების რეალური სახე წარმოადგინა

შალვა შავგულიძე: პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა ხელისუფლების რეალური სახე წარმოადგინა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადვოკატმა შალვა შავგულიძემ მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებულ იმ კადრებზე, სადაც პატიმრების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია აღბეჭდილი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური შეფასებები გააკეთა.

როგორ  ადვოკატმა დღეს For.ge -ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, იმ კადრებმა, რომელიც მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა, ხელისუფლების რეალური სახე წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.

მისი განმარტებით, ამ ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი დაირღვა. ადვოკატი აცხადებს, რომ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 144’ პრიმა მუხლი - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი წამება და 144 .3 პრიმა მუხლი, რაც არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობებს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შავგულიძის თქმით, ამგვარი ქმედებები  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლითაც იკრძალება. მისივე განცხადებით, ეს არის საყოველთაო უფლება, რომლის დარღვევა და ადამიანების წამება არც ერთ დროს და არც ერთ სიტუაციაში არ არის გამართლებული.

„ჩვენ კი ვნახეთ ეს კანონი ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ როგორ ირღვეოდა. რა თქმა უნდა, ეს აღსაშფოთებელია და გამოწვია კიდეც მძაფრი რეაქცია. ამ ყველაფერზე, პასუხისგება უნდა განხორციელდეს სასამართლოს საშუალებით. უნდა დაიწყოს სერიოზული გამოძიება, გამოძიების შემდეგ კი სწორედ სასამართლომ უნდა მისცეს ამ ყველაფერს. ეს არის მისი ვალდებულება“, - განაცხადა მან.

შავგულიძე აცხადებს, რომ ამ ქმედებებს სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური შეფასებაც უნდა მიეცეს. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტები  არ იყო ერთჯერადი და მას ჰქონდა სისტემატური და განმეორებითი ხასიათი. ამიტომ ადვოკატი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამის შესახებ ცნობილი არ ყოფილიყო ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც სასჯელაღსრულების სისტემასთან  რაიმე სახით შეხება ჰქონდა.

ადვოკატის განცხადებით, მათ შორის არის, იუსტიციის სამინისტრო და  მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და იმ პერიოდისათვის მისი ხელმძღვანელი - ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბაჩო ახალაია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ასეთი განმეორებითი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ სააკაშვილს არ ჰქონოდა ინფორმაცია. ეს მინისტრები მისი დასაყრდენია. მაშასადამე, ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ჩვენი ხელისუფლების ამ 4 პირს. თუმცა ამას სასამართლო  ვერ და არ დააკისრებს, ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა განახორციელოს. ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ უახლოეს დღეებში ამაზე პასუხი მაათ სამართლიანად ვაგებინოთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შავგულიძე მიიჩნევს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და  ჩაიდინა უკანონობა, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები თავად დაწერდნენ განცხადებას გადადგომის შესახებ.

„მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმედი, რომ ასეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა  გააჩნიათ პრეზიდენტს ან მინისტრებს.  დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი არ დაწერენ განცხადებას და არ დატოვებენ თანამდებობას. ამიტომ საზოგადოება ვალდებულია ეს პასუხისმგებლობა თავად დააკისროს. ეს კი სწორედ 1 ოქტომბრის არჩევნებზეა შესაძლებელი“, - განაცხადა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ ამ პირებს პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნა საერთოდ უნდა აეკრძალოთ.

ბოლოს კი შავგულიძემ მორალურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ის როგორც მოქალაქე და ადვოკატი იზიარებს  და საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაიზიაროს.

„მე ვფიქრობ, მთელი საზოგადოება იზიარებს ამას, მაგრამ იმისათვის, რომ მან შეიმსუბუქოს ეს პასუხისმგებლობა ეფექტური მოქმედებაა საჭირო, ეს კი 1 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოიხატება“, - განაცხადა შავგულიძემ.