სტუდენტები არჩილ გეგენავას საარჩევნო შტაბთან ახალაიას გადადგომას მოითხოვენ

სტუდენტები არჩილ გეგენავას საარჩევნო შტაბთან ახალაიას გადადგომას მოითხოვენ

სტუდენტები, რომლებიც პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ ფეხით დაიძრნენ რუსთაველის გამზირზე, არჩილ გეგენავას საარჩევნო შტაბთან შეჩერდნენ, სადაც მათ სტუდენტთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „ძირს ახალაია“. მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად გადაკეტილია.

სტუდენტები ამ წუთებში მელიქიშვიის გამზირზე იმყოფებიან, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ აქციის მონაწილეებს სიმბოლურად, ცოცხი გადაუგდო.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მას შემდეგ, რაც სტუდენტები პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივლენ, მსვლელობა ორთაჭალაში იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოეწყობა.

ისინი აღნიშნული სამინისტროებისგან მოითხოვენ სამაგალითოდ დაისაჯოს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ასევე, თანამდებობიდან გადადგეს შს მინისტრი ბაჩო ახალაია და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც პატიმართა წამებაში იღებდა მონაწილეობას.