მიხეილ სააკაშვილი: ტუღუშს, როგორც არსებული რეალობის მკაცრ კრიტიკოსს  ამ სისტემის ხელმძღვანელად  შეგნებულად ვნიშნავ

მიხეილ სააკაშვილი: ტუღუშს, როგორც არსებული რეალობის მკაცრ კრიტიკოსს ამ სისტემის ხელმძღვანელად შეგნებულად ვნიშნავ

საქართველოს პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების მინისტრად სახალხო დამცველი გიორგი  ტუღუში მან შეგნებულად დანიშნა.  პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე მოტივი ჰქონდა.

„პირველ რიგში იმ მოტივით, რომ ყველანი შეძრწუნებულები ვართ და ვგმობთ პატიმართა მიმართ განხორციელებულ წამების ფაქტებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემი პრეზიდენტობის დროს, როცა მე საკუთარი თვალით ვიხილე ის,  რაზეც გამოძიება უკვე მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ჩანს,  არასაკმარისი აღმოჩნდა.  სასჯელაღსრულების სამინისტროში დანაშაულებრივი ქმედებების აღმოსაფხვრელად ძალიან რადიკალური ზომები მიიღეს. აღნიშნულ საქმეში ჩართული ყველა პირი დაპატიმრებულია და მათ სასჯელის მაღალი ვადები ემუქრებათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მთლიანად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეორგანიზაცია გამოცხადდა, მაგრამ ამ ყველაფერს სათავეში კონკრეტული მინისტრი უნდა ჩაუდგეს.

„გიორგი ტუღუში მთელი ამ წლების განმავლობაში, სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო. მასთან ამ თემაზე შეხვედრები მქონდა. ის ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მინისტრსაც და ძალიან ბევრ ფაქტზე საუბრობდა. სახალხო დამცველის კრიტიკის გარკვეული ნაწილი გაითვალისწინეს, მაგრამ სამწუხაროდ,  რაღაცეები ყველას ერთად გამოეპარა.  ამიტომ დღეს მას,  როგორც არსებული რეალობის ძალიან მკაცრ კრიტიკოსს ამ სისტემის ხელმძღვანელად ვნიშნავ და ამას შეგნებულად ვაკეთებ“,  - განაცხადა  სააკაშვილმა.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე თანამდებოდიდან ოფიციალურად გუშინ გადადგა.

ახალ მინისტრად კი,  გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.