სოზარ სუბარი: ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების ეშინია და არჩევნებამდე ფართომასშტაბიან პროვოკაციებს გეგმავს

სოზარ სუბარი: ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების ეშინია და არჩევნებამდე ფართომასშტაბიან პროვოკაციებს გეგმავს

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ინფორმაციით,  არჩევნებამდე რამენიმე დღით ადრე  ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციების მოწყობას და ისტერიული ფონის შექმნას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სუბარმა განაცხადა, ის ახალახან დაბრუნდა შვეიცარიიდან,  სადაც ქართველი ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის თხოვნით იმყოფებოდა. მისივე თქმით,  კომახიძემ მას მიაწოდა შემაშფოთებელი ინფორმაცია ხელისუფლების განზრახვის შესახებ.

„კომახიძეს სანდო წყარომ აცნობა, რომ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია იგეგმება, რომელიც თბილისში დიდი რაოდენობით იარაღის საწყობების აღმოჩენას უკავშირდება. ამ წყაროზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ თბილისში უკვე ნაყიდია 20 ბინა,  სადაც დიდი რაოდენობით იარაღია შეტანილი.  წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, ცხადია, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებენ „სამშობლოს მტრები“ ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს. ხელისუფლება ამაზე აპირებს საზოგადოების ყურადღების გადატანას, რათა სცადოს ძალაუფლობის შენარჩუნება“, - განაცხადა სუბარმა.

აღნიშნულ კონტექსტში, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით სურს.
„კოალიცია „ქართული ოცნება“  კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზააა არჩევნები და არჩევნებში დამდგარი შედგეების შენარჩუნება - არ გავაყალბებინოთ", - განმარტა სუბარმა.

მისივე თქმით,  წყაროს ამ ყველაფრის დამადასტრურებელი აუდიო და ვიდეომასალაც აქვს, რომელშიც შინაგან საქმეთა ახლანდელი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი უახლოესი გარემოცვა ფიგურირებენ.

როგორც სუბარმა აღნიშნა,  ხელისუფლების რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული, მისი რღვევა უკვე შიგნიდან დაიწყო, ამიტომ მას მოახლოებული არჩევნების ეშინია და ცდილობს ქვეყანაში ისტერიული ფონი შექმნას.

შესაბამისად სუბარმა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსაკუთრებით დაკვირვებისკენ მოუწოდა.