გია ხუხაშვილი: ხელისუფლებამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო

 "ჩვენ ერთ დიდ ციხეში ვზივართ, სადაც ხელისუფლება იგივე მეთოდებით გვისწორდება, რითაც ციხეებში პატიმრებს უსწორდებიან“, - ასე აფასებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი საპატიმროებში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას და პატიმრების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულებას.

მისი თქმით, ხელისუფლება უკვე სისტემურად არის მოშლილი, რადგან ის რაც ხდება, არა მარტო ციხეებში არსებულ ვითარებას გამოხატავს, არამედ ასეთ უსამართლობას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით.

ექსპერტის განმარტებითვე, ხელისუფლებამ ამოწურა ყოველგვარი რესურსი და ასეთ ვითარებაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით ისეთი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო, რითაც საკუთარ თავს უპირისპირდება.

„სისტემის რღვევის სიმპტომი არის ის, რომ სააკაშვილმა დაიწყო საკუთარი თავის დაჭერა. ის მეციხოვნეები, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ და რომელსაც ხელისუფლება იჭერს, ისინი მისი ნაწილები არიან. ანუ ხელისუფლებამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო. ის ალბათ შეეცდება არსებული ვითარება სხვადასხვა მეთოდებით გადაფაროს, მაგრამ დრო მოვიდა, რეალობას შეეგუოს. დროა ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მშვიდობიანად დაიწყონ ძალაუფლების გადაბარება. მეტი გზა და რესურსი აღარ არსებობს“, - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ისინი უგუნურად მოიქცევიან, მაშინ მათთვის დასასრული ბევრად უფრო ტრაგიკული აღმოჩნდება, ვიდრე დღეს არის.

ხუხაშვილის განმარტებით, მიმდინარე აქციები აბსოლუტურად ბუნებრივი და ცივილიზებული ფორმებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ქართველ ხალხს არაერთხელ უჩვენებია, თავისი რეაქცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მთავარია  პროტესტი აუცილებლად გაგრძელდეს, ოღონდ კანონის ფარგლებს არ გაცდეს.

„ვფიქრობ,  ეს აქციები უნდა გაგრძელდეს. მაგრამ საპროტესტო აქციაზე არ უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების გადაყენების მოთხოვნა. ამას სრულებით არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ამასთანავე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო ვერდიქტი ხელისუფლებას 1 ოქტომბერს უნდა გამოვუტანოთ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება აქციების პერმანენტულად გაგრძელების შემთხვევაში არსებობს თუ არა არჩევნების ჩაშლის საფრთხე ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა სცადოს რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეალურად დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხუხაშვილი  ასევე აცხადებს, რომ საზოგადოების განწყობა არსებული  ფაქტების გამოვლენის შემდეგ, აბსოლუტურად შეიცვლება. მისი თქმით, ხელისუფლების მომხრეები რამდენიმე ნაწილად იყოფა, თუმცა ეხლა ყველა მათგანი ერთ სისტემაში მოექცა.

„ხელისუფლებას ჰყავდა ფანატიკური მომხრეები და ის ნაწილი, რომლებიც კომფორმისტული გარსით იყვნენ შეფუთულები. ისინი აქამდე პოულობდნენ გამართლებას თუ რა მიზეზით უჭერდნენ მხარს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ეს გარსი დაირღვა. უკვე სამარცხვინოა ამ ხელისუფლებაზე რამე დადებითი ითქვას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.