Human Rights Watch: ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ  ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს

Human Rights Watch: ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ორგანიზაცია Human Rights Watch გამოეხმაურა. ორგანიზაცია Human Rights Watch-ში აცხადებენ,  რომ ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს  სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას პატიმრებზე ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოს ისინი,  ვინც უნდა აგოს პასუხი და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა.

როგორც Human Rights Watch-მა განაცხადა, კრიმინალური ხასიათის ქმედება, როგორიცაა სექსუალური ძალადობა უნდა გახდეს სისხლის სამართლის დევნის საგანი და უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით არ უნდა შემოიფარგლოს.

„ძალადობა,, რომელიც ასახულია ამ ჩანაწერში ძალიან შემაშფოთებელია. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სრული პასუხისგება,  მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგება ამ ძალადობისთვის და მიიღოს ზომები ამგვარი ფაქტების განმეორების აღსაკვეთად“,  - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა გიორგი გოგიამ.

ამასთან,  ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონის მიხედვით ვალდებულია არამხოლოდ ეფექტურად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები არამედ,  დააწესოს სისხლის სამართლის სანქციები მათ წინააღმდეგ,  ვისი ბრალიც დადგენილია, გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლნი უნდა დაცულნი იყვნენ კანონით.