წალენჯიხის საკრებულოს წევრმა,  დავით ჭიჭინაძემ  პროტესტის ნიშნად ფრაქცია დატოვა

წალენჯიხის საკრებულოს წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პროტესტის ნიშნად ფრაქცია დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წალენჯიხის საკრებულოს წევრმა პროტესტის ნიშნად ფრაქცია დატოვა , -ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით,  მედიაში გავრცელებულმა ამაზრზენმა კადრებმა საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასა და მის მიერ შექმნილ დამთრგუნველ სისტემას.

"სამწუხაროდ, რეფორმის ფარგლებში მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები მმართველი ძალის მიერ, ისევე როგორც უმეტეს სფეროებში, დეცენტრალიზაციის ნაცვლად გამოყენებულ იქნა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების უფრო მეტი ცენტრალიზაციისა და მკაცრად კონტროლირებადი პარტიალ-კლანურ პრინციპეპზე აწყობილი სისტემის შესაქმნელად. სრულად იგნორირებული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით გათვალისწინებული ყველა ძირეული პრინციპი და მოთხოვნა. ადგილობრივი მოსახლეობის უფლება თვითმმართველობის მეშვეობით მოეწესრიგებინათ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, გადაიზარდა საბჭოთა პერიოდის დროინდელ მოსახლეობასთან ურთიერთობის მახინჯ ფორმაში, სადაც პარტიული ნომენკლატურული ჩინოვნიკი განიხილება ადგილობრივ "ღვთაებად", ხოლო მოსახლეობა მუხლმორთხმულ ბნელ ბრბოდ, რომელსაც მხოლოდ ცხოველური არსებობის უფლება აქვს",- განაცხადა  ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ყოველივე ამის გათვალისწინებით, იგი პროტესტის ნიშნად ასევე ტოვებს ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის (გიგი უგულავა) მოადგილისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს.

ჭიჭინაძე ყოფილ თანამშრომლებს სამინისტროში და საკრებულოში მოუწოდებს შეაფასონ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გაემიჯნონ მმართველ პოლიტიკურ ძალას. მისი თქმით, იგი თანამშრომლობის გაგრძელებას "ჯანსაღ ძალასთან- ბიძინა ივანიშვილთან“ აპირებს.