გიორგი კარბელაშვილი:   მზად ვარ, ის პერიოდი, სანამ არ დასრულდება საქმის საბოოლო გარჩევა, გავატარო ციხეში

გიორგი კარბელაშვილი: მზად ვარ, ის პერიოდი, სანამ არ დასრულდება საქმის საბოოლო გარჩევა, გავატარო ციხეში

"ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი მზად არის, პერიოდი, ვიდრე პატიმართა ცემის ფაქტებს საბოლოოდ არ გამოიძიებენ, ციხეში გაატაროს.

ამის შესახებ   კარბელაშვილი სოციალურ ქსელ facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.

 "ძვირფასო მეგობრებო, მე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, აღშფოთებული ვარ გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტით, ასე არ იქცევიან ადამიანები, ასე არ ექცევიან ადამიანებს, სახელმწიფო, რომელიც აშენებს დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებას, ვერ შეურიგდება მსგავს ველურობას. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მოიკვეთონ, ეს არ არის მორალური არჩევანის საკითხი, ეს ხელისუფლების ღირსების საკითხია და ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იყოს კატეგორიული და მკაცრი, ახლა აუცილებელია დაისაჯოს ყველა ამ სამარცხვინო საქციელის მონაწილე. ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისათვის, მნიშვნელოვანია ჩემმა ამომრჩევლებმა და იმ ადამიანებმა, რომელთა ახლობლებიც დაზარალდნენ ციხეში, სრული მხარდაჭერა მიიღონ. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასახმარებლად, მზად ვარ, ის პერიოდი, სანამ არ დასრულდება საქმის საბოოლო გარჩევა, გავატარო ციხეში პატიმრებთან ერთად. ხვალინდელი დღიდან ჩემს საარჩევნო უბნებში ამოქმედდება სატელეფონო ცხელი ხაზი, კვალიფიციური იურისტები მიიღებენ მოქალაქეების საჩივრებს მომხდართან დაკავშირებით, რათა მოვახდინოთ რეაგირება ციხეში ძალადობისა და პატიმრების უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე", - აცხადებს  კარბელაშვილი.